2024 წელს შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 15 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით, 23 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დედაქალაქში მოწყობილი იყო საშობაო ბაზარიც, რომელში მონაწილეობაზეც, დედაქალაქის მერის განმარტებით, ინტერესი წელს განსაკუთრებულად გაიზარდა.
ამ საკითხზე კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 23 დღის განმავლობაში საშობაო ბაზარში 300-მდე მეწარმე მონაწილეობდა.
“ღონისძიებებში წელს ათასობით ადამიანი მონაწილეობდა: მუსიკალური ჯგუფები, გუნდები, საბავშვო სტუდიები, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, საესტრადო შემსრულებლები, ანიმატორები და სხვა. წელს განსაკუთრებულად დიდი ინტერესი იყო საახალწლო ბაზარში მონაწილეობაზე. ამ 23 დღის განმავლობაში, ჯამურად წარმოდგენილი იყო 289 მეწარმე და 164 კვების ობიექტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ და მადლობა გადაუხადა მონაწილე პირებს.
კახა კალაძემ დედაქალაქის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ „საახალწლო სოფლის“ შენებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კომპანიებმა: „საქართველოს ბანკი“, „კოკა-კოლა“ და „ვისოლ ჯგუფი“.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ღონისძიებების ჩატარების ტერიტორიაზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციისა და “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში ცდილობდნენ წესრიგის შენარჩუნებას.
“განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის 60 თანამშრომელი, რომლებიც საახალწლო ღონისძიებების ლოკაციებზე მუდმივ რეჟიმში წესრიგის, უსაფრთხოებისა და პიროტექნიკის გამოყენება-რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს უზრუნველყოფდნენ. მადლობას ვუხდი „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც ნოემბრის დასაწყისიდან დედაქალაქის მორთვასა და გალამაზებაში არიან ჩართული, საახალწლო ღონისძიებების ადგილებში კი სისუფთავისა და განათებების გამართულობას მუდმივად უზრუნველყოფენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა აღნიშნა, რომ წლევანდელი საახალწლო ღონისძიებები განსაკუთრებულად მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო, რასაც დამთვალიერებელთა რაოდენობა და საერთაშორისო მედიის გამოხმაურება ადასტურებს.