“აფხაზეთიდან დევნილი დედა 28 წელი ელოდა ბინას, ახლა მე ვაგრძელებ მის გზას”

“მე ფიქრია ქარდავა [ზარქუა] ვარ, 24 წლის. მყავს ერთი შვილი, 2 წლის. ჩემი ცხოვრება თავიდანვე უსახლკარო პირობებში დაიწყო. მშობლები დან იყვნენ – სოფელ შრომაში ჰქონდათ სახლი, რომელიც დღეს აღარ არსებობს. აფხაზეთის ომის მერე აქეთ მოუწიათ გამოქცევა და მაშინვე წალენჯიხაში დასახლდნენ. მთელი ცხოვრება სახლიდან სახლში გადადიოდნენ – ნათესავიდან ნათესავთან, დროებით. მე უკვე წალენჯიხაში დავიბადე და არასოდეს მახსოვს საკუთარი ჭერი. ახლაც მე და ჩემი შვილი მეზობლის სახლში ვართ შემოკედლებული – მეზობლები თბილისში ცხოვრობენ და დროებით დაგვითმეს თავიანთი სახლი.
“ქართული ოცნება” ჯერ კიდევ 2023 წელს აცხადებდა, რომ “2025 წლის ბოლოს, არცერთი დევნილი ოჯახი აღარ დაგვრჩება, ვისაც გადაუდებელი განსახლება დასჭირდება”.
დედაჩემი მთელი ცხოვრება ოცნებობდა საკუთარ სახლში ცხოვრებაზე. დევნილობის შემდეგ, ძალიან ახალგაზრდა ასაკიდან სულ იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე ბინას ჩვენც მოგვცემდნენ. 28 წელი ელოდა ამ დღეს, მაგრამ ვერ მოესწრო – 2017 წელს, 60 წლის ასაკში, ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა. მამაც გარდაცვლილი მყავს.
დედას სიცოცხლეში ყველაზე დიდი ოცნება ეს იყო – ბინა გვქონოდა. დღეს მე ვიბრძოლებ მისი ოცნებისთვის ბოლომდე. არ შევწყვეტ ბრძოლას, სანამ მის სურვილს არ შევასრულებ.
ბინის მიღებაზე განცხადების შეტანა ჯერ კიდევ 2017 დავიწყეთ და მონიტორინგი მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა, მაგრამ მაშინ არასრულწლოვანი ვიყავი, 16 წლის და რატომღაც განაცხადი გააუქმეს. მას შემდეგ აღარავინ გამოჩენილა.
ახლა ისევ შევიტანე განაცხადი 2024 წელს, ოღონდ ამჯერად “სოფლის სახლის შესყიდვის” პროგრამაზე. მაგრამ ისევ ველოდები. დაბალი ქულა მაქვს – 1.5. არ ვიცი რატომ არ უნდა აკმაყოფილებდნენ, როცა ვიცი, რომ ამ ქულით შესყიდვას უნდა ჰყოფნიდეს.
უსამართლობის გრძნობა მაქვს. ჩემს გარშემო ბევრს ვიცნობ, ვინც საერთოდ არ ყოფილა დევნილი და ბინა მიუღია. ვიცნობ ისეთებსაც, ვინც ერთი ოჯახიდანაა და ცალ-ცალკე ბინა მიუღიათ.
არ ვაპირებ ჩუმად ყოფნას. ვიბრძოლებ, რომ ჩემი შვილისთვის მაინც შევქმნა ის, რაც დედაჩემს არ გამოუვიდა – საკუთარი, პატარა სახლი.
თუ სიაში მოვხვდი, რამდენიმე თვე მექნება, რომ სახლი ვიპოვო იმ თანხაში, რასაც მომცემენ. თუ დააკმაყოფილებენ, თანხას მეპატრონეს გადაურიცხავენ, რომელიც მერე სახლს ჩემზე გააფორმებს”.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის ბიუჯეტში, სოფლად სახლების შესყიდვისთვის, 65 მილიონი ლარი გამოიყოფა. „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი 2014 წლიდან დაიწყო და როგორც ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, “ბოლო წლებში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა” – ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფომ სახლი 11 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა, მათ შორის, 1400-მდე ოჯახი მიმდინარე წელს განსახლდა. ჯამში, პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 266 მილიონ ლარამდე გაიხარჯა, მხოლოდ 2024 წელს კი – 35 მილიონ ლარზე მეტი. პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებს ამ პროექტის ფარგლებში, ასე გამოიყურება: 1 ან 2 წევრისგან შემდგარი ოჯახი – 22,000 ლარი; 3 წევრისგან შემდგარი ოჯახი – 25,000 ლარი; 4 წევრისგან შემდგარი ოჯახი – 28,000 ლარი; 5 წევრისგან შემდგარი ოჯახი – 31,000 ლარი და ა.შ. რაც დევნილების აზრითაც და უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით, მიზერული თანხაა.
თუმცა, პროგრამის ფარგლებში დევნილს შეუძლია თანადაფინანსების სახით საკუთარი რესურსებით მიიღოს მონაწილეობა საცხოვრებელი ფართის შესყიდვაში.