დიღმის მასივში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი ასაშენებლად ₾45.7 მილიონი დაიხარჯება

დიდუბის რაიონში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება.
როგორც თბილისის მერია იუწყება, პროექტს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებს და სამუშაოებისთვის 45 728 748 ლარი დაიხარჯება.
დიღმის მასივში 16 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სამი ბლოკი აშენდება, სადაც სხვადასხვა სპორტული და კულტურული სივრცე მოეწყობა. შენობაში ასევე განთავსდება საკონფერენციო სივრცე, სასწავლო აუდიტორიები, სასტუმრო ნომრები, სპორტული მაღაზია, ფარიკაობის დარბაზი, მხატვრული ტანვარჯიშისა და ცეკვის დარბაზი.
პროექტის დეტალებს დედაქალაქის მერი , მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო.
კალაძის თქმით, შესაბამისი ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
„დღეს, კიდევ ერთ მაგარ პროექტს ვაანონსებთ. წლების წინ, აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, სპორტული მოედნები იყო. წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა კერძო მესაკუთრეზე ჯერ ათწლიანი არსებული სტატუსის შენარჩუნებით. შემდეგ კი, ინვესტორს შეეძლო სამშენებლო სამუშაოები განეხორციელებინა, თუნდაც დაენგრია კომპლექსი და აქ კორპუსი აეშენებინა. ჩვენ გვქონდა აქტიური მოლაპარაკებები მეპატრონესთან, შევთანხმდით ადგილმონაცვლეობაზე, ტერიტორია კი მუნიციპალიტეტს და მოსახლეობას დაუბრუნდა. ჩვენთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რეკრეაციული ან სპორტული სივრცეების ხარჯზე არ მოხდეს მშენებლობები. ქალაქის განვითარებას, მშენებლობას, ბიზნესსექტორს ხელს ვუწყობთ, მაგრამ ეს ყველაფერი ურბანულად სწორად უნდა მოხდეს.
ჩვენ უკვე გვაქვს პროექტი. სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი კი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პირველ რიგში, ავარიული შენობის დემონტაჟი მოხდება და შემდეგ უკვე დავიწყებთ ცენტრის მშენებლობას. ეს იქნება ყველაზე დიდი ცენტრი თბილისში, რაც კი აგვიშენებია – 16 000 კვ.მ-ზე განთავსებული. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ორი საცურაო აუზი, ორი ტენისის კორტი, რომელიც გადახურულ შენობაში იქნება და ეს არის სიახლე, რაც არცერთ სხვა ცენტრში არ გვაქვს. იქნება სატრენაჟორო, სავარჯიშო სივრცეები, საკალათბურო და საფეხბურთო მოედნები, მინი საფეხბურთო მოედანი და ა.შ.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.