მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს – კახა კალაძე

მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება. მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან. ამ ადამიანების ხელფასი ძალიან დაბალია. 2017 წლიდან, როდესაც პირველად დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. როდესაც ბავშვებზე, შვილებზე, მომავალ თაობაზეა საუბარი აქ ყოველთვის იქნება მიმართული ძალისხმევა, რომ ნორმალური გარემოში მიიღონ განათლება.
მინდა ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, რომ 2017 წლიდან დღემდე შევძელით 23 ახალი ბაღის აშენება, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 11 ბაღს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ამით არ შემოვიფარგლებით, ვაგრძელებთ მუშაობას და ხედავთ, როგორი სტანდარტი შემოვიღეთ ბაღების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ევროპულ, თანამედროვე ქალაქსაც შეიძლება შეშურდეს ასეთი ინფრასტრუქტურით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს სტანდარტი შენარჩუნებული იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გრძელდება ახალი ბაღების მშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია. 2024 წელს 10 მიმდინარე პროექტიდან შვიდი ახალი ბაღი გაიხსნება და სამის რეაბილიტაცია დასრულდება. 15 იანვარს რეაბილიტირებულ შენობაში დაბრუნდება 89-ე ბაღის კონტინგენტი, ასევე, თვის ბოლომდე ახალი, N64 საბავშვო ბაღი გაიხსნება სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში.
ამ პროექტების შედეგად იზრდება როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის რაოდენობა. ამ ეტაპზე თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომელიც 60 000-მდე ბავშვს ემსახურება”, – აღნიშნა კალაძემ.