„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენა მოხდება ხვალ, 13 სექტემბერს, 11:30 საათზე.
როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება საზოგადოებაში შიშს კი არ იწვევს, არამედ ირონიის და პროტესტის თემად იქცა:
„სოციალურ მედიაში, ტელე-ეთერებში ეს თემა გაშარჟდა. სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. ასეულობით ადამიანი არა თუ შეაშინა, პირიქით ე.წ ჩელენჯია სოციალურ ქსელებში, რომ იმავეს სთავაზობენ პოლიციის თანამშრომლებს, ასევე გააორმაგეს თანხა. ასე ვთქვათ გაშარჟდა. ახლა ახალი თემა მოიფიქრეს. დღეს გაუგებარი ბრიფინგი გააკეთეს, უკრაინის მოქალაქეების დაკავებაზე, ასაფეთქებელ ნივთიერებებზე. თვითონვე განაცხადეს, რომ ეს რუსეთისთვის იყო განკუთვნილი“,- აღნიშნა ადვოკატმა.
კონდახიშვილის თქმით, ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ იგონებს შეთქმულების ისტორიებს მოსახლეობის დასაშინებლად.
ადვოკატის თქმით, ლევან ხაბეიშვილის დაკავება იყო ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება.
„ეს იყო ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება. მიიღეს დავალება, რომ ლევანი დაეკავებინათ სასწრაფოდ. არაფერი ჰქონდა, მოიფიქრეს ეს. ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი. ბოლო 12 წლის განმავლობაში, ყოველი არჩევნების წინ, მოსახლეობის დასაზაფრად იგონებენ გაუგებარ შეთქმულებას, „საბურავების საქმეს“, ამბოხი … შემდეგ ეს საქმეები უჩინარდებიან ყოველგვარი რეაგირების გარეშე. ახლაც იგივეა, მოსახლეობას ზაფრავენ. სასაცილო ბრალდებაა – ქრთამის საჯაროდ შეთავაზება, რაც სამართლებრივად აბსურდია. მოსახლეობის რეაქცია ნახეს და მიხვდნენ, რომ კონტრპროდუქტიული იყო, შემდეგ ბრიფინგი გააკეთეს“,- განაცხადა ადვოკატმა.
კონდახიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, რომლებიც კორუფციულ ბრალდებებში არიან მხილებულები, თავად თანამშრომლობდნენ ხაბეიშვილთან.
მისი თქმით, ხელისუფლება მასობრივ აქციებს აშკარად შიშით უყურებს და ამიტომ მიმართავს ნაჩქარევ და დაუსაბუთებელ ნაბიჯებს:
„არაფერს გამოვრიცხავ, რომ „ოცნების“ მაღალჩინოსნები თანამშრომლობდნენ ლევან ხაბეიშვილთან, რომლებიც მხილებულები არიან კორუფციულ ბრალდებებში. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ამ კორუფციულ ფაქტებზე ლევანი წლების განმავლობაში საუბრობდა.
მასობრივ აქციებთან დაკავშირებით აქვთ შიში, ასეთი ნაჩქარევი ნაბიჯებით და ბოდვით, თითქოსდა ამბოხის საფუძვლებით, ფიქრობენ, რომ მოსახლეობაში დაგროვილ საპროტესტო მუხტს ჩააქრობენ“,- განაცხადა კონდახიშვილმა.




