ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აშშ – ის კომერციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ბიზნეს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა – ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალან პერსელის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე გაიმართა, რომელსაც ასევე დაესწრნენ საქართველოს ბიზნესისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით. მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის ინვესტიციით ხორციელდება და მიზნად ისახავს ქვეყნის ტრანზიტული ფუნქციის გაძლიერებას. მინისტრის თქმით, ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიცაა აღმოსავლეთ – დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზება, განახლებული საპორტო ინფრასტრუქტურა და სხვ, ხელს შეუწყობს საქართველოს, განავითაროს და გააძლიეროს თავისი როლი შუა დერეფნის პროექტში და ხელი შეუწყოს ამ მარშრუტის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს ორმხრივი ბიზნეს წრეების დაახლოებას და ქვეყნებს შორის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკელი ბიზნესმენები საქართველოს გარდა, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს ესტუმრნენ და ვაჭრობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის სფეროებში შუა დერეფნის რეგიონში არსებულ შესაძლებლობებს გაეცნენ.
ვიზიტი განხორციელდა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის, აშშ-საქართველოს ბიზნესის საბჭოს (AGBC), აშშ-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატისა (USACC) და ყაზახეთში ამერიკის სავაჭრო პალატას შორის თანამშრომლობით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
