„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნების“ ძალები იმდენად დაქსაქსულია, რომ პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა სააშკარაოზე გამოსულიყო.
როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” აღნიშნა, ივანიშვილი ცდილობს, ჩამოშლილი „ქართული ოცნება“ რამენაირად შეაკოწიწოს.
მისივე თქმით, შესუსტებულია თავად ივანიშვილის მხარდაჭერა და მას ახლა საჯაროდ გამოჩენა სჭირდება.
„ჩვენ რაც წინა შემთხვევები გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის უწევს გამოჩენა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ უჭირს და ბუნებრივია, არ არის აზრს მოკლებული ის, რომ ახლაც „ქართულ ოცნებას“ უჭირს და მისი ძალების კონსოლიდაციისათვის ივანიშვილის სააშკარაოზე გამოსვლა იყო საჭირო. ეს არის ფართოდ გავრცელებული აზრი და ბუნებრივია, ის ახლოს არის სიმართლესთან. ოპოზიციისთვის ეს არაფერს ცვლის, იმიტომ, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, უკლებლივ ყველამ იცის, რომ რეალურად, პოლიტიკას ბიძინა ივანიშვილი წარმართავს და საკვანძო გადაწყვეტილებებს ის იღებს, ამიტომ ჩვენთვის, ოპოზიციისთვის ეს არსებითად არაფერს ცვლის. რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ სერიოზული პრობლემა აქვს „ოცნებას“ განსაკუთრებით დიდ ურბანულ ცენტრებში – თბილისსა და დიდ ქალაქებში,“ – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ახლა უკვე პარტიის საპატიო თავმჯდომარე საზოგადოების გამაერთიანებელი ვერ იქნება.
„ივანიშვილს საზოგადოების კონსოლიდირება არ შეუძლია. ივანიშვილის პოლიტიკა ძალაუფლების ხელში აღებიდან მოყოლებული იყო საზოგადოების გაყოფა, დაპირისპირება, ზიზღის კამპანია, პოლიტიკური დევნა. დღეს არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სასამართლო და ეს არის კლასიკური ნიმუში პოლიტიკური დევნისა. მხოლოდ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური დევნის ობიექტი, სხვებიც არიან, შესაბამისად, ასეთ პირობებში ვერანაირი გამაერთიანებელი ივანიშვილი ვერ იქნება. გამოჩნდა იმიტომ, რომ თვითონ „ქართულ ოცნებას“ აქვს თავისი ძალების იმდენად დაქსაქსვა, რომ ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე, ვერც მდინარაძე და სხვები ვერ ახერხებენ ამის შეკოწიწებას და ივანიშვილი იძულებული გახდა თვითონ გამოსულიყო სააშკარაოზე,“ – აღნიშნა მან.
ამასთან, ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით კი „გამარჯვების კოალიციისთვის“, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელ“ წარმოადგენს, არსებითად არაფერს ცვლის.
მისივე თქმით, საზოგადოებას ცვლილება უნდა, ამ ცვლილების ავანგარდში კი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციაა.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ გამარჯვების გზას, გამარჯვების ალგორითმს, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე დადგება. ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში საქართველოს და თითოეულ მოქალაქეს არანაირი მომავალი, არანაირი პერსპექტივა არ აქვს. მთავარი, რასაც ჩვენ ვამბობთ არის ის, რომ გამარჯვების შემდგომ გავატარებთ ზუსტად იმ აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ქვეყანას სწრაფად გაუხსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და გავხდებით წევრები,“ – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
მან, ასევე, ოპოზიციის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ ოპოზიცია რომ დღის წესრიგს ვერ ქმნიდეს, ბიძინა ივანიშვილს გამოჩენა არ დასჭირდებოდა.
„ოპოზიცია რომ დღის წესრიგს ვერ ქმნიდეს და ხელისუფლება მშვიდად იყოს, ბიძინა ივანიშვილს გამოჩენა არ დასჭირდებოდა, ის კომფორტულად იჯდებოდა არ ვიცი სად, ურეკში, საჩხერეში, თბილისში თუ აბასთუმანში. ის, რომ ბიძინა ივანიშვილს გამოჩენა მოუწია, სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ოპოზიცია დღის წესრიგს ქმნის, მიხეილ სააკაშვილი ციხის პირობებიდანაც კი ატარებს კამპანიას, რომელიც ძალიან ასუსტებს „ქართულ ოცნებას“ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2024 წელი არის ჩვენი გამარჯვების წელიწადი, მიხეილ სააკაშვილის გამარჯვების წელიწადი,“ – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.