ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ განხორციელებულ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს გმობენ.
“ეს წარმოადგენს მტრული დეზინფორმაციის სერიის უახლეს მაგალითს, რომელიც მიზნად ისახავს გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების დისკრედიტაციას — იმ პარტნიორების, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოს გვერდით იდგნენ.
ჩვენ ვუერთდებით გერმანიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ყალბი ნარატივების გავრცელება საქართველოსა და მისი ხალხის მიმართ დასავლური მხარდაჭერის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ქართული ოცნების ლიდერებმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიმართ თავდასხმის ახალი ტალღა დაიწყეს. ელჩის მიმართ ისინი შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და საუბრობენ მის შესაძლო გაძევებაზეც.