„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, დაკავებული ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ მოინახულა.
როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ტყეშელაძემ განაცხადა, ხაბეიშვილი თავს მხნედ გრძნობს.
მისივე განმარტებით, დაკავებულ ოპოზიციონერ ლიდერს ბრალს ოფიციალურად დღეს, 16:00 საათზე წაუყენებენ.
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ საქმეს სამართალთან არ აქვს კავშირი. რას შეთითხნიან და დაწერენ, ამას კავშირი არ აქვს სამართალთან. ლევან ხაბეიშვილი იმიტომ დააკავეს, რომ სუს-ი შეშინებულია, ე.ი. მშვიდობიანი დამხობა შესაძლებელია და ამიტომაც დააკავეს მთავარი მედროშე, ლევან ხაბეიშვილი – ამ ყველაფერს ამბობს ის, რასაც მე ვსაუბრობ. ლევან ხაბეიშვილი თავს ძალიან კარგად გრძნობს, ძალიან მხნედ არის. საქმეც ვერ შეკერეს, სისულელე გამოიგონეს, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკოსის დაპირებაზე, პოლიტიკოსის სიტყვებზე სუს-ს ადამიანი დაეკავებინოს. ისინი შეშინებული არიან, მშვიდობიანი დამხობის ეშინიათ. ყველას მოუწოდებს, თუ ვინმე იტყვის, შეუძლებელია, 4-ში არ გამოვა და „ბლა, ბლა“, შეხედონ, ხაბეიშვილი დააკავეს იმის გამო, რომ იბრძოდა, მან თავი გადადო“, – განაცხადა ტყეშელაძემ.
