ნონა ქურდოვანიძე – შსს-ს განცხადება აბსურდად უნდა შეფასდეს, გამოძიება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე, აქციების შესახებ კობახიძის განცხადება კი არის შეტევა გამოხატვის თავისუფლებაზე

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, იმ ადამიანებს, რომლებიც შტაბთან იყვნენ და ძალადობას ჩადიოდნენ, ლოიალური დამოკიდებულებით აჯილდოებს და უარს ამბობს ამ საქმეების შემდგომ მსვლელობაზე, რაც სამართლებრივად არასწორია, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შსს-ს განცხადებას, 8, 9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან ორი პირის გათავისუფლების შესახებ.
ქურდოვანიძის თქმით, შსს-ს განცხადება, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულმა აქტივისტებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა, „ცალსახად აბსურდად უნდა შეფასდეს“.
რაც შეეხება საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ მეგი დიასამიძეს, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურამ სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართა, ქურდოვანიძის თქმით, ამ შემთხვევაში, „საზოგადოების რეაქცია იმდენად პრობლემურად ჩათვალეს, რომ გადაწყვიტეს, ლმობიერი მიდგომა გამოეჩინათ“.
„გამოძიება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, იმ ადამიანებს, რომლებიც შტაბთან იყვნენ და ამ ძალადობას ჩადიოდნენ, შსს ლოიალური დამოკიდებულებით აჯილდოებს და უარს ამბობს ამ საქმეების შემდგომ მსვლელობაზე, რაც სამართლებრივად არასწორია.
რაც შეეხება მეგი დიასამიძის საქმეს, ეს სამართალდარღვევაც კი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში, შსს-მ და პროკურატურამ მეგი დიასამიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით წარუდგინეს. „სისხლის სამართლის კოდექსი“ საუბრობს არა ზოგადად სუბიექტის საარჩევნო პლაკატის დაზიანებაზე, არამედ ზოგადად, ნივთის დაზიანებაზე. საზოგადოების რეაქცია ამ საქმესთან დაკავშირებით, ალბათ, იმდენად პრობლემურად ჩათვალეს თვითონაც, რომ გადაწყვიტეს, გარკვეულწილად ლმობიერი მიდგომა გამოეჩინათ. გირაო არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქმე არ გაგრძელდება, მაინც სისხლის სამართლის კვალიფიკაციით გრძელდება. გირაოს გამოყენების საფუძველიც არ არსებობს“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ქურდოვანიძემ გამოეხმაურა სუს-ის მიერ ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს დაკავებასაც. ქურდოვანიძის შეფასებით, საქმე გვაქვს „აბსურდულ ბრალდებასთან“. მისივე მოსაზრებით, ხაბეიშვილის განცხადება არ შეიძლება ქრთამის დაპირებად შეფასდეს.
„როდესაც ასეთ აბსურდულ ბრალდებასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია შეფასებები, რომ ეს არის პოლიტიკური დასჯა და ამ საქმეში პოლიტიკური მოტივაციაა. პოლიტიკურად მოტივირებული კონკრეტული საქმის შესაფასებლად ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ისაა, რომ ის, რასაც კონკრეტულ პირს ედავებიან, მართლაც წარმოადგენს თუ არა დანაშაულს. განცხადება, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა საჯაროდ გააკეთა, ეხებოდა იმას, რომ თუ სამართალდამცავები კანონს არ დაარღვევდნენ და არ შეასრულებდნენ უკანონო ბრძანებებს, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, წახალისდებოდნენ. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს ქრთამის დაპირებად. ეს არ არის „სისხლის სამართლის კოდექსით“ დასჯადი ქმედება. როდესაც ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ აქ მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს სუს-ი, შეუძლებელია. ეს საქმე სასამართლომდე საერთოდ არ უნდა მიდიოდეს.
თუ ადამიანისთვის ქრთამის გადაცემა გინდა, ამ შემთხვევაში, მას რაღაც უკანონოს სთხოვ, ანუ სთხოვ ისეთ უპირატესობას, რომელიც არ გექნება იმ შემთხვევაში, თუ ქრთამს არ გადასცემ. ამ შემთხვევაში, ეს შესრულდებოდა. თან საუბარია კანონიერ ქმედებაზე, იმაზე, რომ პოლიციელებს კანონი არ დაერღვიათ, რაც ისედაც ევალებათ. გარდა ამისა, დიახ, სამოქალაქო კანონმდებლობაში არსებობს ასეთი მუხლი, რომელიც ჯილდოს დაპირებას გულისხმობს. მაშინ გამოდის, რომ “სამოქალაქო კოდექსის“ ეს ნორმა ყოველთვის შეიძლება სისხლის სამართლის ქმედებად შეფასდეს. მაშინ სრულად არეული გამოდის ამ საკანონმდებლო რეგულაციების ჩარჩოები და აზრს კარგავს სამოქალაქო კოდექსში არსებული შესაბამისი მუხლი. ეს ამავდროულად, პოლიტიკური განცხადებაც იყო. პოლიტიკოსების ცხოვრებაში ხშირად არის ასეთი განცხადებები, როდესაც ზოგადად, ამომრჩეველს, სხვადასხვა რამეს ჰპირდება. ეს არ შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯო“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.
ქურდოვანიძე, ასევე, გამოეხმაურა სუს-ის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ მათი მმართველობის პირობებში, ადგილი ჰქონდა „მაღალი დონის კორუფციას“.
„ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში საერთოდ უარყოფდა, რომ კორუფცია მაღალ დონეზე არსებობდა. ამ კორუფციის ფაქტებზე ახლა თავად ალაპარაკდნენ. მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თუ სხვადასხვა მედია საშუალების საგამოძიებო ჟურნალისტები კორუფციის ფაქტებზე ამზადებდნენ სიუჟეტებს, ეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. ეს ნაბიჯები, რომლებიც ამ ბრალდებით ადამიანების დაკავებას ეხება, გარკვეულწილად მიანიშნებს იმაზე, რომ თვითონ აღიარებენ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ადგილი ჰქონდა მაღალი დონის კორუფციას“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
ამასთან, ქურდოვანიძე მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ჩვენ მოთმინებით ვუყურებთ იმას, რომ გამოდის 20 კაცი და საქართველოს მოქალაქეებს აწუხებს, რადგან თბილისის ცენტრალურ გამზირს კეტავს, თუმცა ერთხელ დავასრულებთ ისე, რომ აღარ განმეორდეს“. საია-ს თავმჯდომარის შეფასებით, კობახიძის განცხადება „არ შეიძლება, რომ სამართლებრივად, რაიმე ფორმით სწორად ან პოლიტიკურად გამართლებულად ჩაითვალოს“.
„ბოლო თვეებში, სახელმწიფო ინსტიტუტების ქმედებები და პოლიტიკური განცხადებები განსაკუთრებით რეპრესიულია. საკანონმდებლო რეგულაციებიც გამკაცრებულია, რათა ამ ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით ადამიანებმა ვერ ისარგებლონ. კობახიძის განცხადება, კიდევ და კიდევ, არის შეტევა გამოხატვის თავისუფლებაზე და მშვიდობიან პროტესტზე. არ შეიძლება, რომ მშვიდობიან პროტესტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის შეფასებები იყოს იმგვარი, რომ ამით აზრს უკარგავდეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებას. ეს განცხადებები არ შეიძლება, რომ სამართლებრივად, რაიმე ფორმით სწორად ან პოლიტიკურად გამართლებულად ჩაითვალოს. არ შეიძლება, რომ მშვიდობიანი პროტესტი დაისაჯოს“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.