2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3%-ს დააკმაყოფილა

2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა. ინფორმაციას მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებში გერმანიის ფედერალური სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში, საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარი 9,399-მა ადამიანმა მოითხოვა, მათგან 8,414-მა განცხადება პირველად შეავსო. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში თავშესაფრის მძებნელთა რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი და საქართველო, ამ მიმართულებით, მე-6 ადგილს იკავებს.
თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვით საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიც არიან: ს ფედერაცია, სომალი და ერიტრეა. სიაში კი ლიდერობენ: სირია, თურქეთი, ავღანეთი, ერაყი და ირანი.
საერთო ჯამში, 2023 წელს, გერმანიაში თავშესაფარი 351,915-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც 51,1%-ით უფრო მეტია ვიდრე 2022 წლის მონაცემები. სტატისტიკის მიხედვით, 329,120 აპლიკანტმა განცხადება პირველად შეავსო, ხოლო 22,794-მა ადამიანმა ქვეყანაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება ითხოვა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 15 დეკემბერს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა. ხოლო 18 დეკემბერს გერმანიასა და საქართველოს შს მინისტრებმა მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. მეორე მხრივ, გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავშესაფარს უფრო სწრაფად მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ