გორის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე დავით რაზმაძე 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ სიაში არ არის.
„მე თვითმმართველობაში მოღვაწეობა დავამთავრე“, — განუცხადა რაზმაძემ ტელეკომპანია „თრიალეთს“.
სამომავლო გეგმების შესახებ დასმულ კითხვაზე რაზმაძემ თქვა, რომ „რაღაცას მოიფიქრებს“.
დავით რაზმაძე ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვა „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო.
„ნიუ იორკ თაიმსის“ თანახმად, დავით რაზმაძე მადლობელია, რომ 2008 წლის ომის დროს რუსი სამხედროები გორში შევიდნენ.
„ისინი აქ როგორც მშვიდობისმყოფელები მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“, – განაცხადა დავით რაზმაძემ სტატიის მიხედვით.
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ „ნიუ იორკ თაიმსი“ ცილისწამებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, „მიშას ხულიგნები“ არ უხსენებია და თქვა, რომ ქალაქს ოსური ბანდფორმირებები ძარცვავდნენ, ისინი რუსებმა შეაჩერეს, თუმცა ეს შესაძლოა პიარისთვის დადგმული სპექტაკლის ნაწილი ყოფილიყო.
გორის საკრებულოში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მისი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, თუმცა მათ საკმარისი ხმები არ აქვთ.
ამ თემაზე:
რა (არ) თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ NYT-თან ინტერვიუში რუსეთზე და ევროკავშირზე?




