„ბათუმი და თბილისი სავსეა გაურკვეველი რუსული IT- კომპანიებით, რომლებიც რაზე მუშაობენ კაცმა არ იცის,“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ უძრავი ქონების სააგენტო G.Miller International Georgia-ს დირექტორმა ნიკოლოზ ურუშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ორ ქალაქში ცარიელი საოფისე სივრცეები აღარ არის, რადგან ყველაფერი ონლაინ-კომპანიებით გაივსო.
„რუსეთიდან საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში უამრავი ბიზნესი დაპორტირდა. ბათუმის და თბილისის საოფისე ბაზარი რომ ვნახოთ, სავსეა გაურკვეველი რუსული IT-კომპანიებით, რომლებიც რაზე მუშაობენ კაცმა არ იცის. ძირითადად ჰაკერული საქმიანობებით, ქოლ-ცენტრებით არის დაკავებულები. რაღაც ნაწილს იჭერენ ქართველი სამართალდამცავები, მაგრამ ნაწილს ვერ იჭერენ.
ფაქტობრივად, ცარელი სივრცეები აღარ არის, ყველაფერი გაივსო ონლაინ-კომპანიების მიერ, რომლებიც არავინ იცის რას აკეთებენ: ომში არიან ჩართულები და ომის მხარდაჭერას ახორციელებენ თუ ქოლ-ცენტრებია?!
ძირითადი ლოკაციებია: თბილისი და ბათუმი, ანუ ადგილები, სადაც ინფრასტრუქტურა განვითარებულია. მთაში ისინი არ წავლენ, სადაც შესაძლოა, ინტერნეტი არ იყოს,“ – განაცხადა ურუშაძემ.
კითხვაზე, რამდენად მოქმედებს ამ დროს ბინადრობის შესახებ ახალი კანონი, ნიკოლოზ ურუშაძე პასუხობს, რომ საქართველოში პრობლემა არა კანონის არსებობა, არამედ მისი აღსრულებაა.
„საქართველოში კანონის არსებობა არ არის პრობლემა, პრობლემაა მისი აღსრულება. აქ სამართალი ძირითადად შერჩევითია და ზოგისთვის ყველაფერი შეიძლება, ზოგისთვის – არაფერი არ შეიძლება, თუმცა კანონი ქაღალდზე ყველასთვის ერთია,“ – განაცხადა მან.
ცნობისთვის, მთავრობამ უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მოპოვების წესში ცვლილებები შეიტანა. საქმე ეხება IT სპეციალისტებს, რომელთათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი რეგულაციები დაადგინა. კერძოდ, ახალი რეგულაციების მიხედვით, ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე უცხოელები ბინადრობის უფლების მოპოვებას შეძლებენ, თუ მათი საქმიანობიდან წლიური შემოსავალი 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტზე ნაკლები არ არის. ამისთვის კი, შესაბამისი ცნობა უნდა წარადგინონ.
