მადლობა ჰელსინკის კომისიას, რათა „დიპ სტეიტის“ აგენტები ასე ერთად ვნახეთ – ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი! , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის გამოსვლას გამოეხმაურა.
პაპუაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა და თინა ხიდაშელმა გუშინ, ჰელსინკის კომისიაზე „საქართველოს წინააღმდეგ მისცეს ჩვენება“.
„ამ სხდომაზე კელი დეგნანის დანახვით, მგონი ყველაფერი ნათელი გახდა. ერთადერთი, ვინც უნდა დაეკითხა ამ კომისიას, თუკი მართლა აინტერესებთ რაღაც პროცესების ახსნა, იყო კელი დეგნანი. ის უნდა დაეკითხათ 2020 წლის PVT-ის გაყალბების საკითხზე. დღეს დადასტურებით ვიცით, რომ „ისფედმა“ გააყალბა PVT. ასევე, ვიცით, რომ USAID-მა იცოდა, რომ ეს PVT იყო ყალბი რიცხვები და დიდი ალბათობით, 99%-ის გარანტიით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინდელმა ელჩმა, კელი დეგნანმა იცოდა, რომ ეს რიცხვები იყო ყალბი. USAID ზის საელჩოში, არის სახელმწიფო სტრუქტურა და შეუძლებელია, მათ ელჩისთვის დაემალათ. თუ არადა, [ელჩმა] ესეც უნდა თქვას [თუ დაუმალეს].
2020 წელს „ენჯეოების“ ჩართულობით, USAID-ოს დაფინანსებით იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა ძალადობრივი გზით და ამაში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ეს ყველაფერი ტრამპმაც ამხილა დღეს.
მეორე მხრივ, ვიხილეთ „ანტი ტრამპისტები“, ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის სახით ამბობდნენ, რომ ტრამპმა რუსეთის ჩარევით გაიმარჯვა და ა.შ. მათ შორის, იქ მჯდომი ხალხიც. ეს ერთი ნაწილი. მადლობა ჰელსინკის კომისიას იმისთვის, რომ ასე ერთად ვნახეთ „დიპ სტეიტის“ აგენტები. რაც შეეხება ამ ორ ქალბატონს, რომლებიც იქ ისხდნენ და საქართველოს წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდნენ, მოღალატეებს საქართველოს ისტორიაში ყოველთვის სათანადო ადგილი მიეჩინება. ეს ორი მოღალატე, ზურაბიშვილის შემთხვევაში არა, მაგრამ ხიდაშელის შემთხვევაში, იმ ქვეყნის წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას, რომელმაც ის შობა და აღზარდა. ქვეყნის წინააღმდეგ რომ ჩვენებას იძლევიან, ეს ორი საქართველოს ისტორიაში მოღალატე თავის კუთვნილ ადგილს მიიღებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკის ექსპრეზიდენტი რომ ჩამოვიდეს და საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისცეს ჩვენება ამერიკის წინააღმდეგ. სინამდვილეში, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი. ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ, უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი.
რაც შეეხება „MEGOBARI აქტს“, ეს თავად აშშ-ისა და კონგრესის პრესტიჟის საკითხია, რომ არ მიიღონ ქართველი ხალხის მიმართ მტრული აქტი. ასე, რომ თუ არ მიიღებენ, მათთვის უკეთესი. იმ ხალხის მიმართ, რომელმაც 300-ზე მეტი თავისი რჩეული ვაჟკაცი, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, ავღანეთის ომს შესწირა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
