უპრეცედენტო შეჭრა ნატოს სივრცეში და პარალიზებული აეროპორტები პოლონეთში – რით უპასუხებს ალიანსი რუსეთს
არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება – სადამდე აიწევს ტემპერატურა
რა არის ოპოზიციისა და ხელისუფლების მთავარი გზავნილები საარჩევნოდ – რაზეა აგებული მათი წინასაარჩევნო კამპანია
* * *
უპრეცედენტო შეჭრა ნატოს სივრცეში და პარალიზებული აეროპორტები პოლონეთში – რით უპასუხებს ალიანსი რუსეთს
“რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს, დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ და ვარშავამ დაუყოვნებლივ ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა. თავდასხმის გამო დედაქალაქში მდებარე ორი აეროპორტი დაიხურა. რუსულმა დრონმა პოლონეთში საცხოვრებელი სახლიც დააზიანა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. რუსული დრონის ნარჩენები ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ვირიკიში ჩამოვარდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის სახურავი და ავტომობილი დაზიანდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების განცხადებით, აფეთქების ხმა გაიგეს და პოლონეთის გამანადგურებელი თვითმფრინავები დაინახეს. “იარაღის განლაგება მოხდა და სამსახურები აქტიურად მუშაობენ ჩამოგდებული ობიექტების ადგილმდებარეობის დასადგენად”, – აღნიშნულია პოლონეთის ოპერატიული”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უპრეცედენტო შეჭრა ნატოს სივრცეში და პარალიზებული აეროპორტები პოლონეთში – რით უპასუხებს ალიანსი რუსეთს.
“პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლონეთმა ოთხი აეროპორტი, მათ შორის ვარშავაში მდებარე ყველაზე დიდი აეროპორტი, დახურა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონები შეიჭრა. დაიხურა ვარშავის შოპენისა და მოდლინის აეროპორტები. ასევე ჟეშოვ-იასიონკას აეროპორტი – რომელიც უკრაინასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს და ლუბლინის აეროპორტი. ვარშავამ პოლონეთის და ნატოს თვითმფრინავები განალაგა და პოლონეთის საჰაერო სივრცეში ობიექტების ნეიტრალიზაციის მიზნით ოპერაცია დაიწყო. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს პოლონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ აცნობა. პოლონეთმა მოითხოვა ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება, რომელიც წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს, საკითხი ალიანსის გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ ორგანოში, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში დააყენონ, რის შემდეგაც გაიმართება კონსულტაციები იმის დასადგენად, დაემუქრა თუ არა წევრი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე. ამასთან ტუსკმა მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომაც მოიწვია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ტუსკის თქმით, ის ამ კონსულტაციების დროს უფრო მეტ მხარდაჭერას ელის. “ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინელებისთვის. ეს არის დაპირისპირება, რომელიც რუსეთმა მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ გამოაცხადა”, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. მისი ინფორმაციით, პოლონელმა სამხედროებმა ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დააფიქსირეს. ტუსკის თქმით, სამი, ან შესაძლოა, ოთხ დრონი პოლონეთისა და ნატოს თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს. ტუსკის განცხადებით, დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა ქვეყანაში ბელარუსიდან შეფრინდა. “ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია და მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს”, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ. ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პუტინი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ უკრაინაში სროლით და დედებისა და ბავშვების დაბომბვით. “ის ახლა პირდაპირ სცდის ჩვენს სიმტკიცეს ნატო-ს ტერიტორიაზე. პუტინმა განაცხადა, რომ “რუსეთმა საზღვრები არ იცის”, – – წერს უილსონი, რომლის აზრით, “თავისუფალი და აყვავებული ერები რუსეთს საზღვრების შესახებ ასწავლიან”, – განაგრძობს გამოცემა.
“ასევე, ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი აცხადებს, რომ რუსული აგრესია უკრაინაში პირდაპირ გავლენას ახდენს ნატო-ს მოკავშირეებზე. “სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს პოლონელ მეგობრებსა და მოკავშირეებს რუსული დრონების პოლონეთში შეჭრის გამო. ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსული აგრესია უკრაინაში პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე და შესაბამისი ზომების მიღება უნდა მოხდეს. მოკავშირეები ერთად მუშაობენ და უნდა მუშაობდნენ”, – წერს ლატვიის პრეზიდენტი “ტვიტერზე”. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა კი ამბობს, რომ რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა აჩვენებს, პუტინის დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო იზრდება. “უკრაინაზე მასიური თავდასხმის დროს რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა აჩვენებს, რომ პუტინის დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ის ძველი დანაშაულებისთვის სათანადოდ არ დასჯილა. რაც უფრო დიდხანს არ მიიღებს საპასუხო ძალას, მით უფრო აგრესიული გახდება”. სიბიგას თქმით, “სუსტი საპასუხო რეაქცია რუსეთს კიდევ უფრო წაახალისებს და რუსული რაკეტები და დრონები ევროპის სიღრმეში შეფრინდება”, – დასძენს გამოცემა.
“აღნიშნული სიტუაცია აჩვენებს, რომ აუცილებელია მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მეზობელი ქვეყნების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გამოყენება ნატო-ს საზღვრებთან ახლოს და უკრაინის საჰაერო სივრცეში დრონების გასანეიტრალებლად მოხდება”, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. უსაფრთხოების ექსპერტი ვახტანგ მაისაია რუსეთის მიერ შესაძლო ომის სცენარებზე საუბრობს და აღნიშნავს, პოლონეთზე დრონების შეჭრა პირდაპირი გზავნილია იმისა, რომ რუსეთი ძალიან ახლოსაა სამხედრო მოქმედებებისთვის სამ მიმართულებაზე. “რა თქმა უნდა, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული საბრძოლო დრონების შეჭრა პირდაპირი ჰიბრიდული სამხედრო საფრთხეა. რუსეთი იყენებს კლასიკურ მეთოდს, რასაც ჰქვია სამხედრო მუქარა. ეს არის ომის გამოცხადების წინა პერიოდი. მინდა გითხრათ, რომ ქართული თანამედროვე ომის თეორიის მიხედვით, რუსები მეოთხე სტადიაზე არიან გადასულები. სულ 5 ფაზა არსებობს და დარჩენილი აქვთ ბოლო სტადია”, – ამბობს ექსპერტი, რომლის მტკიცებით, “სხვათა შორის, ამისთვის ნატოელები საკმაოდ კარგად ემზადებიან”, – წერს სტატიის ავტორი.
“ბალტიისპირეთის ქვეყნები გადადიან საყოველთაო სამხედრო სამსახურის შემოტანაზე. ასევე, პოლონეთმა გააძლიერა თავისი შეიარაღებული ძალები და 200 ათასი ადამიანიდან 350 ათასამდე გაზარდა და დაიწყო ტერიტორიული თავდაცვითი ძალების საფუძვლების განვითარების ჩაყრა. ნატო მოიაზრებს ბალტიის აკვატორიაში პირდაპირი საბრძოლო მოქმედებების ზონების შექმნას, ვინაიდან ამ მიმართულებით უკვე ჩატარდა პირდაპირი სამხედრო-საზღვაო წვრთნები, რომელიც ამ მისიის მოგვარებაზეა ორიენტირებული. რაც შეეხევა რუსეთს, მან შექმნა ორი სამხედრო ოლქი – ლენინგრადისა და მოსკოვის. რა განსხვავებაა მათ შორის? რუსეთის სამხედრო დოქტრინის მიხედვით, ადრე რუსეთს ჰყავდა მხოლოდ ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა. ეს არის სტრატეგიული დონე, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების ოპერატიულ მართვას ლოკალური ომების დროს. თუმცა, სამხედრო ოლქი რუსეთის დღევანდელი სამხედრო დოქტრინის მიხედვით, უკვე გეოსტრატეგიული დონეა, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად იმოქმედოს და ერთდროულად რამდენიმე მოწინააღმდეგეს ეომოს. ახლა რუსეთმა ამ ოლქებს ლენინგრადის და მოსკოვის სამხედრო ოლქები დაარქვა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ლენინგრადის სამხედრო ოლქი მიმართულია იმისკენ, რომ იმოქმედოს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე, ფინეთსა და შვედეთზე. ამას პლუს, რუსეთმა ახლახანს შექმნა არქტიკის ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობა, რომელიც მიმართულია არქტიკული საბრძოლო მოქმედებების ზონების განვითარებისთვის. სხვათა შორის, მან კიდევ ერთი ოპერატიული სარდლობა შექმნა – ჩრდილო-ყინულოვანი სამხედრო-საზღვაო ფლოტი. ეს არის საიდუმლო განკარგულება, რომელიც ჯერჯერობით არ გახმოვანებულა. ასე რომ, მათ ახალი სამხედრო ფლოტი შექმნეს, რომელიც არქტიკაზეა მიმართული. რუსეთის გენერალურმა შტაბმა გერასიმოვის მეთაურობით, რომელსაც პუტინმა უმაღლესი სამხედრო ჯილდო მიანიჭა, შეიმუშავა სამი მიმართულება – გეოსტრატეგიული მართვის ცენტრი შექმნა, რომელიც ნატოს ალიანსურ ძალებთან დაპირისპირებაზეა ორიენტირებული და მეორე, არქტიკის სარდლობა. ამას დამატებული შექმნა ოპერატიულ-სტრატეგიული საზღვაო მართვის ერთეული. ასე რომ, რუსეთი სამი მიმართულებით აპირებს ომის განვითარებას”, – განმარტავს რესპონდენტი.
“საქართველოში 2008 წელს პუტინის მეთაურობით შეიმუშავეს ომის სცენარი და შემდეგ გამოიყენეს აგვისტოს ომში. რუსები საქართველოში ქაოსურად კი არა, საკმაოდ დალაგებულად და გეგმის მიხედვით შემოვიდნენ. ამ გეგმაში თბილისის დაკავებაც გაწერილი იყო და შემდეგ საქართველოს ოკუპაცია, თუმცა საქმე აქამდე არ მივიდა. როგორც ჩანს, ახლაც მსგავსი სცენარი აქვთ შემუშავებული. ოღონდ როგორც ვთქვი, აქ საუბარია სამ მიმართულებაზე – ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის, მეორე არქტიკის და მესამე აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის მიმართულებები. ფაქტობრივად, მათ აღადგინეს საბჭოთა დროინდელი დოქტრინის ელემენტები, რომელიც თავის დროზე ითვალისწინებდა სამხედრო ევროპული სცენარების განვითარებაზე”, – დაასკვნის ვახტანგ მაისაია.
არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება – სადამდე აიწევს ტემპერატურა
“არჩევნებამდე 1 თვით ადრე ვითარება მუდმივად იძაბება, რასაც თან ძალადობრივი ქმედებებიც ახლავს, მელიქიშვილის გამზირი უკვე მე-3 დღეა დაპირისპირების მთავარ ეპიცენტრად იქცა. რატომ იძაბება ვითარება, რა რისკები ახლავს თან ძალადობრივ ქმედებებს და სადამდე შეიძლება მივიდეს დაპირისპირება. მოქალაქეები თბილისის მერის, კახა კალაძის შტაბთან მას შემდეგ იკრიბებიან, რაც შტაბის გახსნის დღეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ასევე, გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციონერები აქტიურად აცხადებენ, რომ პროტესტის მთავარი კერა მელიქიშვილის გამზირი უნდა იყოს, მათივე თქმით ის უნდა გახდეს პროტესტის სიმბოლო”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება – სადამდე აიწევს ტემპერატურა.
“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ძალადობრივ ქმედებებს ხელისუფლება ახალისებს და საუბრობს მიმდინარე პროცესებსა და იმ სცენარზე, რომელიც შესაძლოა უახლოეს მომავალში გათამაშდეს. “ჩემი აზრით, რაც შეეხება ძალადობრივ ქმედებებს, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს მცდელობა წაახალისოს ძალადობა, როგორც ტიტუშკების მეშვეობით და არა მარტო თბილისში, არამედ პოლიციის მხრიდანაც. ეს შეიძლება შეეხოს, მაგალითად, 4 ოქტომბრის აქციას, სადაც შესაძლებელია სპეცრაზმის მობილიზება და რეზინის ტყვიების გამოყენებაც კი. შესაძლებელია, ხელისუფლებამ კვლავ გაატაროს ის პოლიტიკა, რასაც ატარებდა, მაგალითად, 2024 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა რამდენიმე დღე ხდებოდა დემონსტრაციების დარღვევა. შესაძლებელია ლიდერების დაფიქსირება, მათ ამოცნობა და ფიზიკური დაპირისპირება, თუნდაც სატელეფონო ზარებით მათი შეშინების მცდელობებიც ვნახოთ. აქამდე შეიძლება მივიდეს დაპირისპირება”, – ამბობს ჩიტაძე, რომლის თქმით, “ხელისუფლებას ბევრი აქვს დასაკარგი და ყველაფერს გააკეთებს ბოლომდე შეინარჩუნოს ძალაუფლება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ დაპირპირებას ოპოზიციური ძალები აღვივებენ. “ბოლო დღეებში მართლაც საგრძნობლად დაიძაბა ვითარება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან, იქიდან გამომდინარე, რომ “ოცნების” აქტივისტები წლებია არასდროს მიდიან ჯგუფურად და ორგანიზებულად ოპოზიციის შტაბებთან და არ იქცევიან ისე, რასაც ვხედავთ მელიქიშვილის გამზირზე. ამიტომაც იმის მტკიცება, რომ “ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ რადიკალების აქტივისტებს, არის ტოტალური ტყუილი. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ძალადობის პროვოცირება კიდევ უფრო მიუღებელია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას, სურს ტემპერატურა აწიოს, დაძაბულობა გამოიწვიოს და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ რაღაც ნაბიჯები გადადგას”, – თვლის აბაშიძე, რომლის აზრით, “სხვა არაფერი აქვს დღის წესრიგში”, – განაგრძობს გამოცემა.
“შევხედოთ ბოლო დღეებს: რაიმე კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნა ჰქონდათ, გარდა უშვერი სიტყვებისა და შეძახილებისა “რუსებო!” გაეკეთებინათ? მათ შორის – გინებები ქალებისგან. შესაბამისად, 4 ოქტომბრამდე მაქსიმალურად გაგრძელდება რადიკალების მხრიდან ვითომ ხალხში ტემპერატურის აწევა, ვითომ “ოცნება” ჩამოშლილია, გარბიან და ა.შ. თუმცა, ეს ისეთივე სიცრუეა, როგორც ვნახეთ წინა არჩევნებზე – ეს არის ფარსი, და ამ ფარსში ჩართული და ჩათრეული კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობის ადამიანები არიან… 13 სექტემბრის “საკრალური დღეც” ისეთივე იქნება, როგორიც ვნახეთ გაზაფხულზე. ცრუ მოლოდინებს ქმნიან, ამტკიცებენ, რომ რაღაც გადაწყდება, თუმცა რადიკალების სასარგებლოდ არაფერი წყდება. “ოცნების” მხარდამჭერები – თუნდაც “ოცნების” მოწინააღმდეგეები, მაგრამ ამავე დროს ნაცმოძრაობისადმი ნეგატიურად განწყობილები – არ მივლენ 13 სექტემბრის ჩასაშლელად და არც სხვა შემდგომ შეკრებებში დესტრუქციის შესატანად. ყველაფერი მოდის რადიკალური ნაცოპოზიციისგან”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“შეეშვან ამ მელიქიშვილის გამზირს. გუშინ მოხდა კანონდარღვევის არაერთი შემთხვევა – ნიღბიანების გაჩენა, “ოცნების” ბანერებისა და სხვა ნივთების დაზიანება. ამაზე არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, და უკვე გამოვლენილ დამნაშავეებს ნუ შერაცხავენ “სინდისის პატიმრებად”, აცხადებს აბაშიძე. ნიკა ჩიტაძის აზრით კი, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე პროცესები 13 სექტემბერსა და 4 ოქტომბერს უმეტეს ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში. ”13 სექტემბრის აქცია უფრო მასშტაბური იქნება. ჯერ მელიქიშვილის გამზირზე, შემდეგ რუსთაველზე. ამიტომ ვფიქრობ, უახლოეს თვეებში პროტესტში გარდატეხა გარდაუვალია”, – ასკვნის ჩიტაძე. ენმ-ში აქტიურად საუბრობენ მელიქიშვილის გამზირზე ბოლო რამდნეიმე დღის მანძილზე არსებულ დაპირისპირებაზე, აანონსებენ რომ 4 ოქტომბერს უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში”, – დასძენს გამოცემა.
“ჯერ კიდევ 2016 წლიდან მოყოლებული “ტიტუშკებს” იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის. გახსოვთ, ალბათ, კორცხელში ე.წ. სპორტსმენებმა იძალადეს ადამიანებზე და უმოწყალოდ სცემეს. მას შემდეგ ყოველთვის გასდიოდა ამგვარი ძალადობის გამოვლინება. გუშინაც ვნახეთ “ტიტუშკები” სამარცხვინოდ როგორ უპირისპირდებოდნენ მათ შორის ქალებს, როგორ ესროდნენ მყარ საგნებს. ეს არის რეალურად მათი სახე. ჩაგრული, ძალადობის მსხვერპლი, დაკნინებული პოლიცია არა თუ საქართველოს მოქალაქეს, საკუთარ თავსაც ვერ იცავს “რუსქოცური ტიტუშკების” წინააღმდეგ”, – თქვა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ. მელიქიშვილის გამზირზე ბოლო დღეების მანძილზე მომხდარ დაპირპრიებას გამოეხმაურა ამავე პარტიის წევრი ლაშა ფარულავაც. “ვიხილეთ ქალებზე, ბავშვებზე, ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე ძალადობა. ამ ყველაფერს, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობდა პოლიცია. პოლიცია ორკესტრის არა მხოლოდ ნაწილი იყო, არამედ დირიჟორი იყო იმ ძალადობის, რომელიც მელიქიშვილზე ვიხილეთ. სწორედ გუშინ, ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე შეიკრიბა იმისთვის, რომ პასუხი გაეცათ კახი კალაძისთვის”- განაცხადა ფარულავამ, რომელიც მიიჩნევს, რომ “ეს იყო კახი კალაძისადმი თბილისელების პასუხი იმ ძალადობისთვის, რომელიც პოლიციასთან ერთად მოაწყო”, – წერს სტატიის ავტორი.
“კახა კალაძის აზრით, მის საარჩევნო შტაბთან “ძალადობრივი ორგანიზებული დაჯგუფება იკრიბება, რომლის მიზანი საარჩევნო კამპანიის პროცესში დაძაბულობის შეტანაა”. “მოძალადე დაჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. გუშინაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა, თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები და რა არის მათი მთავარი მიზანი. ძალიან სამწუხაროა, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ ქმედებებს შესაბამისს პასუხს გასცემს. ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან – შეიკრიბება 30 “აკაცუკი”, აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის”, – განაცხადა კალაძემ, რომლის თქმით, “მერე უკვირთ “ქართულ ოცნებას” და პირადაც მე ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა რატომ გვაქვს”, – დასძენს სტატიის ავტორი.
რა არის ოპოზიციისა და ხელისუფლების მთავარი გზავნილები საარჩევნოდ – რაზეა აგებული მათი წინასაარჩევნო კამპანია
“ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი და მასში მონაწილე პარტიები აქტიურად ემზადებიან. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” მათ წინასაარჩევნო კამპანიებს აფასებენ და ამბობენ, რომ ზოგიერთი მათგანის დაპირებები საერთოდ აცდენილია რეალობას. ადგილობრივ არჩევნებში “ქართულ ოცნებასთან” ერთად მონაწილეობას იღებს პარტიები: “ლელო-ძლიერი საქართველო”, “გახარია-საქართველოსთვის”, “გირჩი-მეტი თავისუფლება” და სხვა მომცრო პარტიები. არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს “ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის”. ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის დაპირებები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სრულიად უადგილოა და არ შეესაბამება რეალობას. მმართველი პარტიის პროგრამებს კი დადებითად აფასებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა არის ოპოზიციისა და ხელისუფლების მთავარი გზავნილები საარჩევნოდ – რაზეა აგებული მათი წინასაარჩევნო კამპანია.
“ტრადიციულად ამ საკითხშიც რადიკალური განსხვავავებაა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. “ქართული ოცნების” შემთხვევაში ხდება კონკრეტული პრობლემების დასახვის გზები. ოპოზიციის შემთხვევაში კი, მათი ერთი ნაწილი ბოიკოტს აცხადებს და დამხობას მშვიდობიანი რევოლუციით აპირებს. მეორე ნაწილი კი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, ამბობს, რომ ხელისუფლებას ძალაუფლება უნდა გამოგლიჯონ და ა.შ. თანაც ოპოზიციის ყველა სეგმენტიდან გვესმის ისეთი მოწოდებები და დაპირებები, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება ადგილობრივი არჩევნების უფლებამოსილებას – ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რაღაც რეფორმების გატარება, რომელიც ნამდვილად არ ეხება მუნუციპალიტეტის არჩევნებს. ეს გასაკვირი საერთოდ არ არის, რადგან თავის დროზე, თუნდაც 2018 წელი რომ ავიღოთ, “ნაცმოძრაობის” მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ისეთ დაპირებებს იძლეოდა, რომელიც საერთოდ არ შედიოდა შეზღუდული პრეზიდენტის უფლებამოსილების მანდატში. ასევე გვახსოვს მათი დაპირებები პენსიებზე წინა ადგილობრივ არჩევნებზე. ასე რომ, არაფერი იცვლება და არის სადღეგრძელოების დონეზე ფუჭი დაპირებები”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, მათი მხრიდან არის შინაარსიანი და რეალური პროგრამები. ნამდვილი ოპოზიცია რომ იყოს, მმართველ პარტიას ოპონირებას გაუწევდა და დარგობრივად ჩაეჭიდებოდა ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების გზების გადაწყვეტაში. მაგალითად, ერთ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში რა უნდა გაკეთდეს, რა გზები უნდა დაიგოს, რა ინფრასტრუქტურია განხორციელებაა პრიორიტეტი და ა.შ”, – ამბობს გია აბაშიძე. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პარტიებს ლოკალურ პრობლემებზე აქვთ აქცენტი გაკეთებული. მისივე თქმით, ხელისუფლება როგორც ყოველთვის, ახლაც მშვიდობაზე საუბრობს”, – აღნიშნავს გამოცემა.
