10 სექტემბერს შეერთებული შტატების „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“, იგივე „ჰელსინკის კომისიაში“ გაიმართა მოსმენა საქართველოს შესახებ. მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა მწვავედ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა.
„პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ – ამ სათაურით გამართულ სხდომაზე კონგრესმენებმა მოუსმინეს მოწმეებს:
· საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს;
· თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს;
· „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროს მკვლევარ ლუკ კოფის.
მოსმენაზე ისაუბრეს „მეგობარი აქტის“ მიღების საჭიროებაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაახლოებაზე რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან და თქვეს, რომ ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას.
ზურაბიშვილმა და ხიდაშელმა ასევე გაამახვილეს ყურადღება უწყვეტი საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად დაკავებულ ადამიანებზე, მათ შორის „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე.
როგორც კადრებში ჩანს, მოსმენას ესწრებოდა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი (2020-23 წლებში).
რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა?
„მე დღეს აქ ვარ იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ციხეში სხედან და სიმბოლურად, მინდა დავასახელო მზია ამაღლობელი, როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდაა დატყვევებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„სწორედ ამ ადამიანების სახელით მინდა ვისაუბრო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე“, – თქვა მან და მიმოიხილა ორი ქვეყნის ურთიერთობები ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
„დღეს, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პირველად საქართველოს მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამ პარტნიორობას … და თანდათან უფრო მეტად დაუახლოვა ქვეყანა შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ხდება „ანტიდასავლური“ და „პრორუსული“ და მისი საჯარო პოზიციები „ანტიამერიკულ ტონს იღებს“.
ამის მაგალითად მან დაასახელა „საჯარო შეტევები აშშ-ის წარმომადგენლებზე, მტრული თავდასხმები პირადად პრეზიდენტ ტრამპზე“ და „აშშ-ის მიმართ ბრალდებები ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაზე“.
„პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, პირველ რიგში, რუსეთთან (რუსული პიარის რიტორიკის კოპირება), ჩინეთთან (ანაკლიას პროექტი, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკული პროექტის შეჩერების შემდეგ, ინფრასტრუქტურული პროექტები, უვიზო მიმოსვლა) და ირანთან“, – განაცხადა მან.
რა თქვა თინა ხიდაშელმა?
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც ათწლოვანი ისტორია აქვს, მათ შორის ერაყსა და ავღანეთში საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობა.
თუმცა, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს გზა მიატოვა და დაუახლოვდა ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც ამავე დროს აშშ-ის მეტოქეები არიან, – რითაც ასუსტებს საქართველოს სუვერენიტეტს.
მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე „შუა დერეფანში“:
„საქართველო შუა დერეფნის — აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი მარშრუტის, თანამედროვე აბრეშუმის გზის — გულში მდებარეობს. ის აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით“.
„შესაძლოა, ჩვენ ზომით პატარა ვიყოთ, მაგრამ ეს ჩვენი კონკურენტული უპირატესობა გახლავთ“, – თქვა მან.
თინა ხიდაშელის თანახმადვე, შეერთებული შტატებისთვის „ფასდაუდებელია“ ის, რასაც შუა დერეფანი სთავაზობს, საქართველო მისი კი „ღერძია“, რომლის გარეშეც „თავისუფალი დერეფანი არ არსებობს – მისი დაკარგვის შემთხვევაში, კარი იხსნება რუსეთის, ჩინეთისა და ირანისთვის“.
„თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლური ორიენტაციის მქონე საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის და სულ უფრო პრობლემური ხდება პეკინისთვის. სამწუხაროდ, დღევანდელმა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, აირჩია გზა, რომელიც ემსახურება ამ ავტორიტარულ ინტერესებს და არა მათ წინააღმდეგობას“, – თქვა მან.
ასევე ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გამოვლენი დარღვევებზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დევნაზე.
ხიდაშელმა ამ გამოსვლაში შეერთებული შტატების ხელისუფლებას მოუწოდა, გადადგან ნაბიჯები შვიდი საკვანძო მიმართულებით:
· „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ მიზანმიმართული სანქციები;
· სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა.
· აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულების ცალსახა დადასტურება.
· „მეგობარის აქტის“ მიღება
· ინვესტიციები „შუა დერეფნის“ ფარგლებში, რათა საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფია ჩინეთის, რუსეთისა და ირანის გავლენებს არ დარჩეს;
· თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განახლება
· ხალხთაშორისი კავშირების გაფართოება.
„საქართველოს ისტორია არ დასრულებულა. ჩვენ დაგვაბრკოლეს, დიახ, მაგრამ არ დავცემულვართ. ქართველი ხალხი ერთგული რჩება იმ ღირებულებებისა, რომლებმაც ჩვენ შეერთებული შტატების პარტნიორად გვაქცია“, – განაცხადა მან.
რა თქვა ლუკ კოფიმ?
„ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი წლებია, საქართველოს საკითხებზე მუშაობს. მისი გამოსვლა მეტწილად საგარეო პოლიტიკას ეხებოდა.
მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, რომ ისინი დონალდ ტრამპის მომხრენი არიან, მცდარია. „სიმართლე პირიქითაა“, – თქვა მან და ჩამოთვალა:
· „ირანთან დაახლოება არ შეესაბამება პრეზიდენტ ტრამპის მსოფლმხედველობას.
· ჩინეთის კომუნისტური პარტიის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მოწვევა არ შეესაბამება პრეზიდენტ ტრამპის მსოფლმხედველობას
· რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის მიცემა ძირს უთხრის პრეზიდენტ ტრამპის შესაძლებლობას, მიაღწიოს მშვიდობას უკრაინაში, რაც ამ თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია“.
მან ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ იტყუება, როდესაც ამტკიცებს, რომ დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აძალებენ და „გლობალური ომის პარტიაზე“ საუბრობენ.
„ეს სისულელეა და მნიშვნელოვანია, რომ ამას პასუხი გაეცეს. ვაშინგტონში არავისგან მსმენია, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი უნდა გახსნას“, – თქვა მან
პეკინთან და თეირანთან თბილისის დათბობაზე ლუკ კოფიმაც გააკეთა აქცენტი. ირანთან დაახლოების მაგალითებს შორის მან დაასახელა:
· საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი ირანის საელჩოში, „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც მან ირანს სოლიდარობა გამოუცხადა;
· „მცირე ხნით ადრე საქართველოს მოქალაქე ამერიკულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ დაგეგმვნით ირანელი-ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვნაში“, – თქვა კოფიმ.
რაც შეეხება პეკინთან ურთიერთობებს, – ლუკ კოფის განცხადებით, „ბუნებრივია, რომ საქართველოს სურდეს პეკინთან თბილი ურთიერთობების დამყარება“.
„თუმცა, საგანგაშოა ის ენთუზიაზმი, რომელსაც „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები იჩენენ ჩინეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისას“, – განაცხადა მან.
ფორუმი
