„ბანკები დეველოპერულ სექტორს აფინანსებენ, თუმცა მიდგომები გამკაცრებულია“ – ძნელაძე მიზეზებზე (bm.ge)

„ახალი დეველოპერული პროექტების დაფინანსება ხდება უფრო მკაცრი მიდგომებით ვიდრე ეს იყო წინა პერიოდში“, – ეს განცხადება საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას გააკეთა.
როგორც ძნელაძე განმარტავს, გამკაცრებული მიდგომების მიზეზი შემცირებული ტრანზაქციებია, რაც ბაზარზე გარკვეულ რისკებს ზრდის.
„ეს სიმკაცრე განპირობებულია იმით, რომ ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპი შემცირებულია, შესაბამისად კომპანიების მხრიდან მოთხოვნების რეჟიმი უფრო მეტია, ვიდრე წინა პერიოდში იყო. ასე რადიკალურად იმის თქმა, რომ არ სექტორი არ ფინანსდება, ასე არ არის, რეალური დაფინანსებები არსებობს, თუმცა უფრო მკაცრი მიდგომაა იმ პირობებიდან გამომდინარე, რაზედაც ერთად ვსაუბრობთ ყველანი.“ – განაცხადა ძნელაძემ.
სტატისტიკური ინფორმაციით, მცირდება მომხმარებლებისთვის ახლად გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობაც. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქართულმა ბანკებმა სულ 28,579 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.5%-ით, ანუ 4,076-ით ნაკლებია. თუმცა, იმის გამო, რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 3.5%-ით მეტია.
საკითხზე კომენტირებისას ძნელაძე ამბობს, რომ შემცირების მიზეზი რამდენიმეა, რომელთა შორის წამყვანი წინა წლებში არსებული რეკორდული მოთხოვნა და დღეს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებია.
„იპოთეკური სესხების ბაზართან და ზოგადად უძრავი ქონების ბაზართან მიმართებით გარკვეული ცვლილებები არა მხოლოდ 2025-ში, არამედ 2024-ში დაიწყო. რადგან 2022-2023 წწ-ში დიდი ბუსტი იყო, რომელსაც დაემატა რეგიონალური პრობლემები და სხვა მიმართულებები, ამაზე მოლოდინები იმ დროიდანვე გაჩნდა.
2024 წელს ეს არ დაეტყო ინდუსტრიას, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ 2025-შიც ასე გაგრძელდა. იჯარების მხრივაც მოხდა კორექტივები, ამ მიმართულებით მარეგულირებლის მოთხოვნები იყო. მიდგმებიც შეიცვალა როგორც დეველოპერების მხრივ, ისე იპოთეკური სესხების მხრივ, ამიტომაც ვერ ვიტყვით რომ მხოლოდ საპროცენტო განაკვეთების ზრდამ მოახდინა გავლენა.“ – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
bm.ge