ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ღაზაში ომის გამო ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ვაჭრობის ნაწილობრივ შეჩერებას ითხოვს. აქამდე ფონ დერ ლაიენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერად მოიაზრებოდა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ისრაელისა და პალესტინელების მიმართ მიდგომებში ძალიან განსხვავდებიან და გაურკვეველია, მოიძებნება თუ არა უმრავლესობა სანქციებისა და სავაჭრო ზომების მხარდასაჭერად.
ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ კომისია „მომავალ თვეში პალესტინის დონორთა ჯგუფს შექმნის“, რომლის ნაწილიც ღაზის მომავალ რეკონსტრუქციაზე იქნება ორიენტირებული. მან თქვა, რომ ღაზაში მომხდარმა მოვლენებმა და ბავშვებისა და ოჯახების ტანჯვამ „მსოფლიოს სინდისი შეძრა“.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ექსპერტებმა 22 აგვისტოს განაცხადეს, რომ ღაზაში შიმშილობაა, 126 პალესტინელი, მათ შორის 26 ბავშვი, გარდაიცვალა არასრულფასოვანი კვების გამო. მათი ცნობით, თითქმის ორი წლის წინ ომის დაწყების შემდეგ, არასრულფასოვანი კვების გამო სულ დაღუპულია 404 ადამიანი, მათ შორის 141 ბავშვი.
„ადამიანის მიერ შექმნილი შიმშილი არასდროს შეიძლება იყოს ომის იარაღი. ბავშვების გულისთვის, კაცობრიობის გულისთვის. ეს უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ოთხშაბათს სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას. მის სიტყვას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც განაცხადა, რომ ფონ დერ ლაიენი აჰყვა ზეწოლას, რომელიც ძირს უთხრის ისრაელ-ევროპის ურთიერთობებს. მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტის ქმედებები ჰამასს გააძლიერებს.
ფორუმი
