რეჟიმის პატიმარი, ნინო დათაშვილი ევროკავშირს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, სავიზო რეჟიმი დააწესოს ქართული ოცნების გარემოცვისთვის ინდივიდუალურად და არა – საქართველოს მოქალაქეებისთვის.
დათაშვილი წერს, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს ევროპისგან იზოლაციას, უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ევროინტეგრაციის შეჩერებას.
წერილი:
“მე ვარ ნინო დათაშვილი, პოლიტიკური პატიმარი საქართველოდან, სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის თანამშრომელი.
კარგად ვაცნობიერებ, თუ რატომ მიეცა ვადა 31 აგვისტომდე საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას და რატომ არის საფრთხეში ჩვენი ვიზალიბერალიზაცია. ამის მიზეზი ბევრია – მმართველი პარტია თანამშრომლობს პუტინისტურ რუსეთთან, ავრცელებს დეზინფორმაციას დასავლეთის მიმართ, მიიტაცა ხელისუფლება და ამყარებს დიქტატორულ რეჟიმს. საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქე უკანონო პატიმრობაშია მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია უნდათ. ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ აღძრეს საქმე და დააყადაღეს მათი ანგარიშები. და კიდევ სხვა უამრავი რამ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით ვიმყოფებოდი ერთ-ერთ სოფელში და საკუთარი თვალით ვნახე უამრავი სახის გაყალბება. საფრთხის და მუქარის ქვეშ ვაკვირდებოდი არჩევნებს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
სხვა უამრავი ფაქტის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, ნუ წაართმევთ საქართველოს ხალხს ამ მონაპოვარს.
საქართველოს ხალხი თავგანწირვით იბრძვის ქვეყნის გათავისუფლებისთვის, 250 დღეზე მეტია ქუჩაში აპროტესტებენ. საპატიმროებში ტყვეობაში იმყოფებიან მოქალაქეები – პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, მწერალი, მასწავლებელი, ექიმი, მსახიობი, საჯარო მოხელე, 2008 წლის ომში მებრძოლი, იუმორისტი, სტუდენტი და სხვა. რეჟიმის ტყვეები ციხიდანაც ვიბრძვით სიმართლის დასამტკიცებლად.
ჩვენ არ ვიმსახურებთ ევროპისგან იზოლაციას, უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ევროინტეგრაციის შეჩერებას.
არალეგიტიმური ხელისუფლების მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამო არ უნდა ზღოს თავისუფლების მოყვარულმა ხალხმა.
დაასანქცირეთ და სავიზო რეჟიმი დაუწესეთ არა ქვეყანას და ხალხს, არამედ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებს, არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს, პროპაგანდისტებს და დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, ასევე პროკურორებს, მოსამართლეებს, გამომძიებლებს, რომლებიც უკანონობას სჩადიან. გთხოვთ დაუწესოთ სანქციები მათ ინდივიდუალურად.
მხოლოდ ჩემს საქმეში იმდენი უკანონობაა და უკანონობის ჩამდენი იმდენი პირია, წარმომიდგენია უკანონობის რა მასშტაბია სხვა პოლიტპატიმრების საქმეებში და მთელ ქვეყანაში.
მე მანდატურები დამესხნენ თავს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ფოიეში, სასტიკად იძალადეს ჩემზე და ისევ მე გამომამწყვდიეს საპატიმროში.
ამჟამად ვიმყოფები წინასწარ პატიმრობაში უკანონოდ, უკანონო ბრალით, ცრუ ჩვენებების საფუძველზე.
ამ პერიოდში სასამართლომ გამოსცა განჩინება ჩემი იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სტაციონარულად, 20 დღემდე ვადით, რაც შემდეგ გაუქმდა.
ამ ვითარებაში კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ სანქციები და სავიზო შეზღუდვები ევროკავშირის ქვეყნებმა ინდივიდუალურად დაუწესოთ ზემოთ აღნიშნულ პირებს და არ წაართვათ საქართველოს ხალხს ის სიკეთე, რაც ვიზალიბერალიზაციას მოაქვს”.
ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებიან. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნინო დათაშვილი მანდატურს ძალის გამოყენებით გაყავს.
დათაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას გულისხმობს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
ნინო დათაშვილს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
