პოლონეთი „აგრესიის აქტად” აფასებს თავის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრას უკრაინაზე რუსეთის შეტევის შედეგად

ნატოს წევრი პოლონეთის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონების ჩამოგდება და პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას „აგრესიის აქტი” უწოდა.
„უკრაინის ტერიტორიაზე ს ფედერაციის დღევანდელი შეტევის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო მასშტაბის დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით. ეს არის აგრესიის აქტი, რომელმაც რეალური საფრთხე შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს“, – ნათქვამია პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის მიერ დღეს, 10 სექტემბერს დილით გავრცელებულ განცხადებაში.
სარდლობის ინფორმაციით, საჰაერო სივრცეში შეჭრილ დრონებს პოლონეთის და მოკავშირეების რადიოლოკაციური საშუალებებით აკვირდებოდნენ, მათი ნაწილი ჩამოაგდეს და მიმდინარეობს ამ ობიექტების ჩამოვარდნის ადგილების ძებნა და ლოკალიზაცია.
სარდლობის განცხადებით, პოლონეთის და მოკავშირეების ძალები და საშუალებები შემდგომი მოქმედებებისთვის სრულ მზადყოფნაში რჩებიან.
გასულ ღამით, ზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის დაწყების შემდეგ უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაღწიეს. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ცოტა ხნის შემდეგ ეს ინფორმაცია წაიშალა.
ღამის სამი საათისთვის პოლონეთის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ რუსეთის მხრიდან არის მორიგი მასირებული შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, ამიტომ პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოქმედებენ პოლონეთის და მოკავშირეების თვითმფრინავები და გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან საჰაერო თავდაცვის სახმელეთო სისტემები.
სარდლობის თანახმად, ეს ზომები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მოქალაქეების დაცვას, განსაკუთრებით რისკის ზონასთან მდებარე რაიონებში.
გამთენიისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ სამხედროებმა იარაღი გამოიყენეს ქვეყნის საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტების წინააღმდეგ, თუმცა არ დააკონკრეტა, რომ ეს იყო რუსული დრონები.
პოლონეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. ნატოს წესდებით, რომელიმე ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს და კოლექტიურ თავდაცვასაც ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტეს მიაწოდა ინფორმაცია შექმნილ ვითარებასა და ზომებზე, რომლებსაც პოლონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტების წინააღმდეგ მიმართეს.
ფორუმი