პოლონეთმა თავის ტერიტორიაზე შეჭრილი, სავარაუდოდ, რუსული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო. უსაფრთხოების მიზნით დაიხურა ვარშავის, ჟეშუვის და ლუბლინის აეროპორტები.
გასულ ღამით, უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის დაწყების შემდეგ უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაღწიეს. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ცოტა ხნის შემდეგ ეს ინფორმაცია წაიშალა.
10 სექტემბერს, გამთენიისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ სამხედროებმა იარაღი გამოიყენეს ქვეყნის საჰაერო სივრცის დამრღვევი ობიექტების წინააღმდეგ, თუმცა არ დააკონკრეტა, რომ ეს იყო რუსული დრონები.
ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „მიმდინარეობს პოლონეთის საჰაერო საზღვრის მრავალჯერად დარღვევასთან დაკავშირებული ოპერაცია. არმიამ ობიექტების წინააღმდეგ იარაღი გამოიყენა”.
განახლება: პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ დაადასტურა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს დრონებმა.
სარდლობის მიერ გამთენიისას გავრცელებული განცხადებით, „რუსეთის ფედერაციის დღევანდელი თავდასხმის დროს, რომელიც დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, პოლონეთის საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვიეს „დრონის ტიპის ობიექტებმა“.
სარდლობის თანახმად, გამოყენებული იყო იარაღი, გრძელდება ჩამოგდებული ობიექტების ძებნა და ოპერაცია, რომლის მიზანია ამ ობიექტების იდენტიფიკაცია და ნეიტრალიზაცია.
პოლონეთის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ მოქალაქეებს მიმართა, სახლში დარჩნენ და განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა პოდლიასკის, მაზოვეცკის და ლუბლინის რაიონების მოსახლეობას.
პოლონეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. ნატოს წესდებით, რომელიმე ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს და კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს. პოლონეთს ამ ეტაპზე არ უთქვამს, რომ მას თავს დაესხნენ.
ფორუმი
