სომხეთის იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქის, სომხეთში წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი გიორგი კინოიანის საქმის შესწავლა ჯერ არ დაუწყიათ.
საბოლოოდ სწორედ იუსტიციის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, გადასცემს თუ არა გიორგი კინოიანს რუსეთის ფედერაციას.
· 29 წლის გიორგი კინოიანი 2025 წლის 3 სექტემბერს, შუადღისას დააკავეს საქართველოდან სომხეთში გადასვლის შემდეგ. ის მშობლებთან ერთად მიემგზავრებოდა სომხეთში.
· ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახმა გაავრცელა. მასზე რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით.
· ამჟამად მას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული – იგი რუსეთში ექსტრადიციის რისკის წინაშეა.
· სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას ავტომატურ რეჟიმში შეატყობინა, რომ დააკავა რუსეთის მიერ ძებნილი პირი.
· ჯერჯერობით სომხურ მხარეს რუსეთისგან უშუალოდ თხოვნა ექსტრადიციაზე – რაც სტანდარტულად არის გათვალისწინებული, – არ მიუღია.
გიორგი კინოიანის ძმა, ვაკო კინოიანი ამბობს, რომ ექსტრადიციის რისკი მაღალია: „ძალიან საშიშია იმის წარმოდგენა, რომ ჩემი ძმა რუსეთმა შეიძლება დაატყვევოს“, – თქვა მან.
9 სექტემბერს სომხეთის იუსტიციის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით სამინისტროს კინოიანის საქმის განხილვა არ დაუწყია.
კინოიანის ინტერესების დამცველი ერევანში, იურისტი არტურ საკუნცი აცხადებს, რომ გიორგი კინოიანის დაკავება უკანონოა. „ნუთუ სომხეთი ცნობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას?!“ – კითხულობს ის.
