უნგრელ ჟურნალისტ ლასლო რობერტ მეზეშს, რომელსაც გუშინ, 8 სექტემბერ თბილისის მერ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ის რადიო თავისუფლებასთან წერილობით ინტერვიუში მომხდარს იხსენებს.
დაზიანება მას შემდეგ მივიღე, რაც „ქართული ოცნების“ ხალხმა ტელეფონი წაართვა „პუბლიკის“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს და მე ამის გადასაღებად მივედი. ამ დროს მეც წამართვეს ტელეფონი“, – ამბობს ის.
„სამი-ოთხი ნაბიჯი გადავდგი და ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი. შემოტრიალდა და დარტყა დაიწყო. მაშინვე სხვებიც მომვარდნენ. მიწაზე აღმოვჩნი. წაქცევისას ვერაფერს ვერ მოვეჭიდე და ამიტომ [თავდამსხმელის] ფეხს ჩავეჭიდე. კიდევ დამიშინეს წიხლები და მირტყამდნენ“, – ამბობს ჟურნალისტი.
მისი თქმითვე, ძალადობა წამოდგომის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა დემონსტრანტებმა ის თავდამსხმელებს გაარიდეს.
უნგრელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია სათანადოდ არ მუშაობდა: „როგორც მოგვიანებით … ვიდეოში ვნახე, მხოლოდ ორი პოლიციელი იდგა სიახლოვეს“.
მისი თქმითვე, მოგვიანებით ერთ-ერთმა კოლეგამ მოახერხა მისი ტელეფონის დაბრუნება.
„თუ პოლიციის გუშინდელ ქმედებებზე უნდა გავაკეთო კომენტარი – ისინი ყოველთვის ზედმეტი რაოდენობით არიან მობილიზებულები, მაგრამ ასე არ ყოფილა გუშინ“, – ამბობს ის.
ლასლო რობერტ მეზეში იხსენებს, რომ დემონსტრანტებმა გაიყვანეს ფილარმონიასთან, სადაც „ორი-სამი პოლიციელი იდგა“ და რახან „გარემო უსაფრთხო კვლავ არ იყო“, დემონსტრანტებმა საკუთარი ძალებით გადაიყვანეს რუსთაველის მეტროს მიმდებარედ.
სწორედ აქ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ კლინიკაში ყურადღებას აქცევენ. მისი თქმითვე, ის მოინახულა დიპლომატმა უნგრეთის საკონსულოდან.
