ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 7 აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის გამოტანილი ვერდიქტი

9 სექტემბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბაქოს “მძიმე დანაშაულთა სასამართლოს” ვერდიქტი 7 ჟურნალისტის, მათ შორის რადიო თავისუფლების თანამშრომელ ფარიდ მეჰრალიზადეს წინააღმდეგ, რომელიც დააკავეს “აბზასმედიას” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.
შედეგად, 9 წლით პატიმრობა მიესაჯათ: „აბზასმედიას“ დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ ულვი ჰასანლის, ამავე მედიის მთავარ რედაქტორ სევინჯ აბასოვას (ვაგიფგიზი), სააგენტო „ტურანის“ რედაქტორ ჰაფიზ ბაბალისა და რადიო თავისუფლების თანამშრომელ ფარიდ მეჰრალიზადეს; 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ ჟურნალისტებს: ნარგიზ აბსალამოვასა და ელნარა გასიმოვას; 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს „აბზასმედიას“ კოორდინატორ მოჰამად კეკალოვს.
9 სექტემბერს, როცა მოსამართლე ზაფარ აჰმადოვმა ბაქოს სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება გამოაცხადა, ბრალდებულ ჟურნალისტებს – სევინჯ აბასოვას, ნარგიზ აბსალამოვასა და ელნარა გასიმოვას პროტესტის ნიშნად ხელში პოსტერები ეჭირათ. პოსტერებზე ეწერა – „ილჰამ ალიევო, დაადეკლარირე შენი შემოსავალი!“, „ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის, კორუფციაა დანაშაული!“ და ა.შ..
მანდატური და ბადრაგი შეეცადა ჟურნალისტებისთვის პოსტერების წართმევას, რამაც სასამართლო დარბაზში არეულობა გამოიწვია. ხმაურში არ ისმოდა სასამართლოს გადაწყვეტილებაც. მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბაქოს „მძიმე დანაშაულთა სასამართლოს“ გადაწყვეტილება.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივ კაპუსმა დაგმო ფარიდ მეჰრალიზადესთვის გამოტანილი განაჩენი:
„მკაცრად ვგმობთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ფარის მიმართ უსამართლო და დაუსაბუთებელი ვერდიქტის ძალაში დატოვებაზე. ის დღეს მის მეუღლესთან და პატარა შვილთან უნდა დაბრუნებულიყო. ამის ნაცვლად, ის გისოსებს მიღმაა და წაერთვა სამართალი, რომელსაც ის იმსახურებს“.
“აბზასმედიას” წარმომადგენელთა დაკავება დაიწყო 2023 წლის 20 ნოემბერს. ერთ დღეს დააკავეს გამოცემის დირექტორი ულვი ჰასანლი და მისი მოადგილე მოჰამად კეკალოვი, მათ სახლებსა და რედაქციაში ჩატარდა ჩხრეკა. ოფისიდან სავარაუდოდ ამოიღეს 40 ათასი ევრო.
20 ივნისს ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ ილვი ჰასანლის, სევინჯ ვაგიფგიზის, ფარიდ მეჰრალიზადესა და ჰაფიზ ბაბალის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა; ნარგიზ აბსალამოვასა და ელნარა გასიმოვას – 8 წლით პატიმრობა; მოჰამად კეკალოვს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მათ ბრალად ედებათ კონტრაბანდაში, უკანონო მეწარმეობაში, კრიმინალური ქონების ლეგალიზაციაში, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და სხვა დანაშაულებში.
ჟურნალისტები თავს დამნაშავეებად არ თვლიან და აცხადებენ, რომ მათ სჯიან მაღალჩინოსნების, მათ შორის ალიევის ოჯახის კორუფციული ქმედებების გამოძიებისთვის.
ბოლო ორი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში დაახლოებით 30 ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავეს კონტრაბანდის ბრალდებით. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს და პატიმრობას თავიანთ პროფესიულ საქმიანობასა და პოლიტიკურ დაკვეთას უკავშირებენ.
უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ თავმოყრილი ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის ციხეებში დაახლოებით 370 პოლიტიკური პატიმარია.
აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მოტივით არავის აპატიმრებენ. თუმცა, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, -ის სახელმწიფო დეპარტამენტი და დასავლელი დიპლომატები მოუწოდებენ აზერბაიჯანის მთავრობას გაათავისუფლონ დაკავებულები და შეწყვიტონ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა.
ფორუმი