უნგრეთმა გაზის შესყიდვაზე ახალი კონტრაქტი დასავლურ კომპანიასთან გააფორმა

უნგრეთმა, რომელიც ევროკავშირში რუსული გაზის ყველაზე დიდი შემსყიდველია, დასავლურ ენერგეტიკულ კომპანია Shell-თან გაზის მიწოდების ახალი კონტრაქტი გააფორმა.
Shell ბრიტანული ნავთობისა და გაზის კომპანია.
Bloomberg-ის თანახმად, უნგრეთი Shell-თან გაზის მიწოდების 10-წლიან ხელშეკრულებას აფორმებს, რითაც დივერსიფიკაციისა და რუსული მარაგებისადმი დამოკიდებულების შემცირებისკენ ერთ-ერთ პირველ ნაბიჯს დგამს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ Shell-თან ახალი კონტრაქტი ქვეყნისთვის „ყველაზე დიდი მოცულობის და ყველაზე ხანგრძლივი დასავლური მიწოდების კონტრაქტი“ იქნება.
„დღეს ჩვენ Shell-თან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის ხელმოწერის შესახებ გამოვაცხადებთ. მაგრამ ამით შევძლებთ თუ არა რუსული გაზის გარეშე ცხოვრებას? არა, გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული პირობების გამო. სანამ რეგიონში სათანადო ინფრასტრუქტურას არ განვავითარებთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
ამჟამად უნგრეთს რუსულ „გაზპრომთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. კონტრაქტი „გაზპრომისგან“ 2036 წლამდე წელიწადში 4.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს, რომელიც 2022 წლის შემდეგ დამატებითი შესყიდვებით დაემატა.
ევროკავშირი გეგმავს 2027 წლის ბოლოსთვის რუსული გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას. მიუხედავად ამისა, უნგრეთი დიდი ხანია ეწინააღმდეგება ამ გეგმებს. ბუდაპეშტმა მოუწოდა ევროკავშირს, კომპენსაცია გადაუხადოს წევრ სახელმწიფოებს დივერსიფიკაციის ძალისხმევისთვის. Bloomberg წერს, რომ ახლა, როგორც ჩანს, უნგრეთი ალტერნატივების მოსაძებნად ნაბიჯებს დგამს.
„ჩვენ კიდევ რამდენიმე კონტრაქტზე ვსაუბრობთ სხვა დასავლელ მომწოდებლებთან, მაგრამ ჯერ არ ვართ მზად მათი გამოცხადებისთვის“, – განაცხადა სიიარტომ.
ამასთან, პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის გეგმა რუსული ენერგოიმპორტის თანდათანობით შეწყვეტის შესახებ კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რადგან ქვეყანას არ გააჩნია მილსადენების საკმარისი ინფრასტრუქტურა სხვა ბაზრებიდან საჭირო მოცულობების გაზის მისაღებად.
უნგრეთს Shell-თან 2020 წელს გაფორმებული ჰქონდა 6-წლიანი კონტრაქტი, რაც წელიწადში 250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას გულისხმობდა, 2021-დან 2027 წლამდე პერიოდში. ეს იყო უნგრეთის პირველი გრძელვადიანი კონტრაქტი დასავლურ ენერგეტიკულ კომპანიასთან თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად.