ბრძოლას გავაგრძელებ და აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოში მის საქმეზე სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
საუბარია საქმეზე, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში „თბილისი მოლთან“ გამართული აქციის დროს გზის გადაკეტვას ეხება და რა დროსაც, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ დიმიტრი ბიძინაშვილიც დააკავა.
როგორც ბიძინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე მას ადმინისტრაციულიდან სისხლი სამართალზე გადაუკვალიფიცირდა, რასთან დაკავშირებითაც სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებს.
„ამ საქმეში მტკიცებულება საერთოდ არ არსებობს, მით უმეტეს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. არ შეიძლება ეს სისხლის სამართლის საქმე იყოს, მაგრამ ამ სასამართლოში სამართლის პოვნა ძალიან რთულია და ეს დაგვანახა სხვა პოლიტიკურმა პროცესებმა, რომელიც გაიმართა აქ და რომელზეც გამამტყუნებელი განაჩენი დააყენა ვითომ სასამართლომ, სინამდვილეში ეს იყო „ქართული ოცნების“ ოფისში დაწერილი განაჩენები. შესაბამისად, ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ. ბრძოლას გავაგრძელებ და აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში მონაწილეობენ თავისუფალი მართლმსაჯულების წინაშე მოუწევთ წარდგენა“, -განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ 8 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა და კოალიცია „ცვლილების“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი.
2 თებერვალს „თბილისი მოლთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.
წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
