დროშის შეძენა და მისი ქონა თუ არის დანაშაული, მაშინ დროშის შეძენაში და ქართული დროშის ამაყად ტარებაში ნამდვილად მივიჩნევ თავს დამნაშავედ , – ამის შესახებ „საფარის“ ხელმძღვანელმა, უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ განაცხადა, რომელიც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.
მისი თქმით, ამჟამად ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველაზე მეტად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აწუხებთ.
„დაბარებული ვარ სასამართლოში, ვინაიდან, პირბადეების საქმეზე ჩვენების მისაცემად პროკურატურაში არ მივდივარ. მიმაჩნია, რომ ეს არის აბსურდული საქმე. ისინი საუბრობენ ძალადობაზე და მე მზად ვარ, ვისაუბრო იმ ძალადობასა და სისასტიკეზე, რომელიც ჩაიდინა სპეცრაზმმა და პოლიციის სხვადასხვა დანაყოფმა საქართველოში ნოემბერსა და დეკემბერში. თან მოვიტანე და მაქვს რეპორტი, სადაც ასახულია ინდივიდუალურად იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც დაასისხლიანეს, აწამეს საპოლიციო მანქანებში და მართლა მგონია, რომ გამოსაძიებელია ეს საქმე რეალურად. მზად ვარ ვილაპარაკო იმ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, როგორც ექცეოდნენ პოლიციის სხვადასხვა შენაერთები საქართველოს მოქალაქეებს.
რეალურად ყველაზე მეტად რაც ადარდებთ, ეს არის საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მათ არ მოსწონთ კრიტიკა, არ მოსწონთ, როცა ადამიანები საუბრობენ სიმართლეს და როცა ამხელენ „ქართული ოცნების“ დანაშაულებს. ყველაზე მეტად ღიზიანდებიან სწორედ ამ სიმართლის საუბრით. რაც შეეხება 10 დროშის ყიდვას, რომელიც საკანცელარიო მაღაზიებში იყიდება, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს დროშები უნდა ჰქონდეს ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას და უნდა ამაყობდნენ ქართული სახელმწიფო სიმბოლიკით, ოფისშიც უნდა ჰქონდეთ, აივანზეც უნდა ჰქონდეთ გამოკიდული, სახლშიც მაქვს ასეთი დროშები და მიმაჩნია, რომ დროშის შეძენა და მისი ქონა თუ არის დანაშაული, მაშინ დროშის შეძენაში და ქართული დროშის ამაყად ტარებაში ნამდვილად მივიჩნევ თავს დამნაშავედ“,- განაცხადა ბაია პატარაიამ.
