სომხეთში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი გიორგი კინოიანის საქმესთან დაკავშირებით ექვსი ევროპარლამენტარი წერილს უგზავნის ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს.
ევროპარლამენტარები უკრაინაში მებრძოლის სომხეთში დაკავების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და ევროკავშირს სწრაფი და მკაფიო პასუხის გაცემისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, გიორგი კინოიანის სიცოცხლეს რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება. “ეჭვგარეშეა, რა ელოდება მას იქ: წამება, პოლიტიკური დევნა ან სიკვდილი”, წერია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ქშიშტოფ ბრეჟა, რასა იუკნევიჩიენე, მიხალ შჩერბა, ბორის ბუდკა, მარკეტა გრეგოროვა და პეტრას აუსტრევიჩუსი.
„ეს მხოლოდ პირადი ტრაგედია არ არის. ეს პირდაპირი გამოწვევაა სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და ევროპული სოლიდარობის პრინციპებისთვის. სომხეთის თანამშრომლობა რუსეთთან აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლთა დევნაში მკვეთრად ეწინააღმდეგება მის მისწრაფებებს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ, მათ შორის უფრო ღრმა პოლიტიკური ჩართულობისკენ”, – ნათქვამია წერილში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ სერიოზულ ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ სომხეთი ხელს უწყობს ადამიანების გადაცემას “რეჟიმისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებსა და სისტემურ რეპრესიებზე”.
ევროპარლამენტარების სიტყვებით, ამას ევროკავშირმა უნდა უპასუხოს სწრაფად და მკაფიოდ და უნდა “აღკვეთოს” გიორგი კინოიანის ექსტრადიცია”.
“სიჩუმე ან დაყოვნება რუსეთს, სომხეთს და ყველას, ვინც უკრაინის ფრონტის ხაზზე ევროპული ღირებულებების დასაცავად სიცოცხლეს რისკავს, არასწორ გზავნილს გაუგზავნის”.
„მტკიცედ მოგიწოდებთ, რომ ეს საქმე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე წამოჭრათ და დაუყოვნებლივი, მძლავრი დიპლომატიური ზომები მიიღოთ იმისათვის, რომ გიორგი კინოიანი რუსეთის ხელისუფლებას არ გადაეცეს“, – წერია ექვსი ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილ წერილში.
29 წლის გიორგი კინოიანი 2025 წლის 3 სექტემბერს, შუადღისას დააკავეს საქართველოდან სომხეთში გადასვლის შემდეგ. ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახმა გაავრცელა. მასზე რუსეთის ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბრალდებით.
ამჟამად მას 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული – იგი რუსეთში ექსტრადიციის რისკის წინაშეა.
გუშინ, 8 სექტემბერს, საქართველოს საგარეო უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ სომხეთის ოფიციალური უწყებებისგან საელჩოს დღემდე არ მიუღია შეტყობინება რუსეთის მიერ ძებნილი მოქალაქის, გიორგი კინოიანის დაკავების შესახებ.
სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას უკვე შეატყობინა, რომ დააკავა რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი.
ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნარეკ სარქისიანმა დაუდასტურა.
პრესსპიკერის თანახმად, მას შემდეგ, რაც 3 სექტემბერს საზღვრის კვეთისას პოლიციის თანამშრომლებმა კინოიანის იდენტიფიცირება მოახდინეს, ამის შესახებ აცნობეს გენერალურ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, ასევე ძებნის ინიციატორ მხარეს (რუსეთის ფედერაციას).
რადიო თავისუფლება ასევე დაუკავშირდა სომხეთის იუსტიციის სამინისტროს შესაძლო ექსტრადიციის შესახებ კითხვებით.
„ექსტრადიციის შემთხვევაში, ყველამ იცის, რა შეიძლება მოხდეს. ყველაზე კარგ შემთხვევაში, არაადამიანური მოპყრობის რისკია. მე პირადად უფრო ცუდ ფიქრებში ვარ… საქართველომ ეს არ უნდა დაუშვას“, – უთხრა გიორგი კინოიანის ძმამ, ვაკო კინოიანმა, რადიო თავისუფლებას.
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის სასამართლომ გიორგი კინოიანს დაუსწრებლად 7-წლიანი პატიმრობა 2024 წლის 25 ოქტომბერს მიუსაჯა.
ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც „დაქირავებულ მებრძოლობას“ გულისხმობს.
ბრალდება უკავშირდება კინოიანის მიერ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობას.
ბრალდების თანახმადვე, ის „ქართულ ლეგიონთან“ ერთად იბრძოდა უკრაინაში.
რუსეთს „ლეგიონის“ დამფუძნებელი მამუკა მამულაშვილისა და არაერთი სხვა ქართველი მებრძოლისთვის აქვს პატიმრობა დაუსწრებლად მისჯილი.
