8 სექტემბერს ათასობით ადამიანი, სტუდენტების წინამძღოლობით, გამოვიდა ბელგრადის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობაზე. ისინი სერბეთის ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც ბოლოდროინდელი ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დემონსტრანტებზე იძალადეს.
აქციის მონაწილეების შეძახილები იყო კრიტიკული სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მიმართ, მის მიერ ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე უარის გამო და აგრეთვე დემონსტრანტები გამოხატავდნენ ბრაზს, როგორც თავად აცხადებდნენ, პოლიციის სისასტიკის გამო.
“მიწაზე ვიწექი და არანაირ წინააღმდეგობას არ ვწევდი, პოლიციის წარმომადგენელმა უკნიდან თავში ხელკეტი ჩამარტყა, – ამბობს ალექსანდრა ნიკოლიჩი – სტუდენტი, რომელმაც საპროტესტო აქციას მიმართა – შედეგად, სერიოზული დაზიანებები მივიღე თავსა და პირზე, ასევე მცირე დაზიანებები ნიკაპზე, ხელებსა და მუხლებზე“.
კიდევ ერთმა სტუდენტმა ნიკოლინა სინდიელიჩმა თქვა, რომ პოლიციელებმა მას და სხვა დემონსტრანტებს სცემეს, სახელმწიფო მედია კი მან “ძალადობის ტყუილებით გამართლების” მცდელობაში დაადანაშაულა.
სინდიელიჩმა აგრეთვე თქვა, რომ ის სექსუალური შევიწროების მსხვერპლიც იყო მას შემდეგ, რაც გასულ თვეში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. “მთელი სისტემა იყო მიმართული მოქალაქეების წინააღმდეგ”, – აღნიშნა მან საგანგებო პოლიციის განყოფილების ოფისის წინ სიტყვით გამოსვლისას.
სინდიელიჩის თანახმად, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები – “პოლიციელები გვირტყამენ, რადგან მათ ეშინიათ ჩვენი”. მის ამ გამოსვლას შეკრებილებმა სკანდირებით უპასუხეს: “ის დამთავრებულია” – გულისხმობდნენ ვუჩიჩს.
დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილების წინ წითელი საღებავი დაასხეს.
სერბეთის პრორუსმა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა უარი თქვა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ სტუდენტების მოთხოვნის შესრულებაზე და პასუხად გააძლიერა დემონსტრანტების დევნა. საპროტესტო აქციები რეგულარულად იმართება მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში რკინიგზის ახალგარემონტებულ სადგურ “ნოვი სადზე” სახურავის ნაწილის ჩამონგრევას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნგრევის მიზეზები კვლავაც გამოუძიებელია. ამ შემთხვევამ გამოიწვია მასობრივი პროტესტი, რომელიც თანდათან გაფართოვდა და დემონსტრანტები აპროტესტებენ მთავრობაში კორუფციასა და მედიის მიმართ ცენზურას.
რამდენიმე დღის წინ, 5 სექტემბერს, ნოვი სადში, საუნივერსიტეტო კამპუსის ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე ათობით ადამიანი დაშავდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და დემონსტრანტები დაადანაშაულა სამართალდამცავების ტერიტორიიდან განდევნის მცდელობაში. პოლიცია უარყოფს ძალადობას და აცხადებს, რომ “კანონიერად და პროფესიონალურად” მოქმედებდა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხრიდან თავდასხმების პასუხად.
ბელგრადში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილემ, სახელად ანდრეამ, რთე/რთ-ს უთხრა, რომ პოლიცია ჩვეულებრივ დროსაც ასე იქცევა და ძალადობა მისი მხრიდან მოულოდნელი არ ყოფილა:
“თუმცა პროკურატურას ევალება რეაგირება. სასამართლო, ჩემი აზრით, არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ჩვენი თავდაცვის ბოლო ხაზს წარმოადგენს”.
ის, რომ სამართალდამცავების მიმართ პასუხისმგებლობა არ დგება, ადვოკატმა იელენა სტოიჩმა საკუთრივ სამართალდამცავ სისტემასა და პროკურატურაში უკონტროლობით ახსნა.
