ჩვენ არანაირი პროცედურები საქართველოს პარლამენტთან არ ჩაგვიტარებია. არანაირი მიმართვა არ გაგვიკეთებია პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე და ვერც ვხვდები, რა მიმართვა უნდა გაგვეკეთებინა – ახლა ჩვენი ფოკუსი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისკენაა მიმართული, მაგრამ იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომელიც დადგება 5 ოქტომბრის მდგომარეობით, შესაძლოა, მივუბრუნდეთ ამ საკითხის განხილვას, – ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შარაშიძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრებმა, მათ შორის გიორგი შარაშიძემ ბოიკოტი შეწყვიტეს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს, „იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.
მისივე თქმით, ბოიკოტის საკითხს ისინი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაუბრუნდებიან, რომელიც განპირობებული იქნება ზოგადი კონტექსტით და არა თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხებით ან გამარჯვებით.
„ჩვენ არანაირი პროცედურები საქართველოს პარლამენტთან არ ჩაგვიტარებია. არანაირი მიმართვა არ გაგვიკეთებია პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე და ვერც ვხვდები, რა მიმართვა უნდა გაგვეკეთებინა. ეს მხოლოდ პროცედურული საკითხია, წინა 12 წევრს შეუჩერდა უფლებამოსილება და ახალი 12 წევრის უფლებამოსილება ცნეს. რაც შეეხება ბოიკოტს, ჩვენ გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია და ამ გადაწყვეტილების გადახედვას არც ვაპირებთ, რადგან ახლა ჩვენი ფოკუსი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისკენაა მიმართული, მაგრამ იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომელიც დადგება 5 ოქტომბრის მდგომარეობთ, შესაძლოა მივუბრუნდეთ ამ საკითხის განხილვას. ეს არ იქნება არც გამარჯვებასთან და დამარცხებასთან დაკავშირებით. ეს ფართო კონტექსტს მოიაზრებს. გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია და არც ვაპირებთ შეცვლას. შეიძლება პროცედურული საკითხებით რაღაც ინფორმაციის გაცვლას ადგილი ჰქონოდა, მაგრამ ბოიკოტში ვრჩებით და ამ გადაწყვეტილების გადახედვას მუნიციპალურ არჩევნებამდე არ ვაპირებთ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსი, მელიქიშვილის გამზირზე, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გუშინ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, 8 სექტემბერს საღამოს საათებში აქციის მონაწილეებსა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერებს შორის დაპირისპირება სრულად, ორგანიზებული და დაგეგმილი იყო კახა კალაძის მიერ.
„რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი, ეს იყო ორგანიზებული ჩასაფრება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და ეს, რა თქმა უნდა, დაგეგმილი და მხარდაჭერილი იყო „ოცნების“ მიერ. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში პოლიცია და სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ადამიანები ციხეში 4 და 5 წლით გაუშვეს და ჯგუფურ თავდასხმას ედავებიან, რომლის არანაირი საფუძველი არ არსებობს და გუშინ პირდაპირ ვიხილეთ ჯგუფური და ორგანიზებული თავდასხმა, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. არცერთი ადამიანი არ არის დასჯილი. ეს არც ქართული, არც კაცური, არც თბილისური და ქალაქურია და არც ღირსებასთან არ არის დაკავშირებული, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისგანაც როცა სჭირდებათ გამოდიან და ღირსებაზე, ქართველობაზე და ტრადიციებზე გვესაუბრებიან. ეს ისწავლეს მათ თბილისში, საკუთარ ოჯახებში? საკუთარი წინაპრების გმირობისა და კაცობის მაგალითებიდან? ქალისთვის სილის გაწვნა და მუშტის დარტყმა, წაქცევა და მასზე ძალადობა, შემდეგ კი გაქცევა, იმის იმედით, რომ პოლიციელები დაგიცავენ, ეს არის ქართველობა და ღირსება? კალაძეს მინდა მივმართო- ეს არის მისი გაგებით მშვიდობა? უტიფარი სლოგანი რომ აქვს, – „მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს“, ეს არის სიკეთე? პირდაპირი სრული პასუხისმგებლობა აკისრია კალაძეს და სრულად „ოცნებას“.
„ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ საკუთარი ძალაუფლება და ეს მიტაცებული ხელისუფლება შეინარჩუნოს. ფაქტობრივად, ეს არის თავზეხელაღებული, კრიმინალური ბანდა. გუშინდელი მოვლენები „ოცნების“ სახეა. არის კადრები, სადაც ქალბატონი ამბობს – „აბა, რა გეგონათო“, მეორე კადრებში რეზინის ხელკეტით შეიარაღებული ადამიანი პოლიციას ეუბნება – „თქვენიანი ვარ, არ დამიჭიროთო“. აქციები 300 დღეა მიმდინარეობს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების მარშს პოლიცია ყოველ ჯერზე აცილებს და რატომ არ იყვნენ გუშინ ეს ადამიანი იქ ან რატომ არ მივიდნენ ოპერატიულად? ეს, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო.
მათ კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და ვერც ექნება ასეთი ტიპის მოძალადე რეჟიმს, რომელმაც უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. პროპაგანდით და ტყუილებით ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ. სამართლიანი არჩევნების პირობებში ვეღარ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, ამიტომ გადასული არიან ძალადობაზე. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს დაპირისპირება, სამწუხაროდ, გაიზრდება და პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და გუშინდელ დღეზე პასუხისმგებლობა პირადად კალაძეს ეკისრება. მინდა მას ვუთხრა – ის არასდროს ყოფილა თბილისელების მერი და მით უფრო დღეს აღარ არის თბილისელების მერი, ის ვისი მერიც შეიძლება იყოს, არის მოძალადე „ტიტუშკები“, რომლებიც გუშინ ვიხილეთ“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო“ 27 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატების დასახელებას ვერ ახერხებს, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ყველანაირი რესურსი ხელში აქვს და არჩევნების მოგებას ძალადობით, მოსყიდვითა და დაშინებით აპირებს, გასაკვირი არ არის, რომ მათ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები ვერ წარადგინეს.
„ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში წარდგენილი გვაქვს საკრებულოს სია. ჩვენ უმრავლესობა ქალაქებში ვიბრძვით და წარდგენილი გვყავს მაჟორიტარი კანდიდატებიც, მაშინ, როდესაც ფინანსური რესურსიც „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი აქვს და უთანასწორო ბრძოლაში ვართ, რამდენიმე მუნიციპალიტეტში რომ ჩვენ მერობის კანდიდატები არ გვყავს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.
ყველა ტიპის რესურსი მათ ხელშია, ძალადობით, მოსყიდვითა და დაშინებით აპირებენ ამ არჩევნების მოგებას. ორ ფრონტზე ვიბრძვით, ერთი მხრივ მთავარი მტრის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ, ბოიკოტის მოგერიება გვიწევს. იცით სხვა პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ოპოზიციის ოპოზიცია უნდა გახდნენ, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევებს ზრდის. ბრძოლას ვაგრძელებთ, მაგრამ გაუგებარია, რატომ გადაწყვიტეს დანარჩენმა პარტიებმა ბოიკოტი და რატომ გვიშლიან ჩვენ ხელს, როდესაც საერთო მიზანი გვაქვს. ჩვენ ქუჩის პარტია არ ვართ და არ ვართ რადიკალიზმის მომხრე. ეს კი ზრდის გამოწვევას. მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი გზა არჩევნების გზა, პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენების გზაა და დღეს ვისაც რევოლუციაზე საუბარი აწყობს, ეს „ოცნებაა“.
ეუთო/ოდირის მოწვევას რაც შეეხება, ამ ფაქტსაც „ოცნება“ თავისი პროპაგანდისთვის იყენებს. ერთადერთი, რაც შეუძლია, რომ ეუთო/ოდირმა მოასწროს, ეს კონკურენციის შეფასებაა, ეს კი ძირითადი კრიტერიუმი არ არის. არჩევნები უკვე ყალბდება და ეუთო/ოდირს აღარ აქვს არანაირი საშუალება და ინსტრუმენტი, რომ დააკვირდეს, თუ რამდენად თავისუფალ გარემოში ჩატარდება არჩევნები“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
პოლიტიკოსი, ასევე გამოეხმაურა ბრალდებებს, რომ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ „გარიგებაშია შესული“. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ინტერესი რადიკალიზაციაზე და დაძაბულობაზე გადავიდეს და არჩევნები უკანა ფლანგზე გადავიდეს.
„ამ ხალხმა, ვინც ამას გვაბრალებს, თავად აიღოს პასუხისმგებლობა იმ სცენარზე, რომელსაც ისინი საკუთარ ამომრჩეველს სთავაზობენ. ჩვენ ხომ არაერთხელ დავსვით კითხვა – „გვითხარით რა გეგმა გაქვთ?“ ჩვენ ხელისუფლების ცვლილებას არჩევნების გზით ვაპირებთ. როდესაც უთანასწორო გარემოში, არჩევნებში შევდივართ, მოძალადე ავტოკრატიული და მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ, რომლის ხელშიც კონსოლიდირებულია მთელი ძალაუფლება და ყველა ბერკეტის გამოყენებით ცდილობს ჩვენ წინააღმდეგ იბრძოლოს – ეს თანამშრომლობას ნიშნავს? რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, თუ სადმე ბრძოლის ფრონტია – ეს არჩევნებია. „ქართულ ოცნებას“ რისიც ეშინია არის ის, რომ ის ელექტორატი, რომელსაც ის ყოველდღიურად კარგავს, არ აისახოს საარჩევნო შედეგებში. ამიტომ ცდილობენ, რომ ინტერესი რადიკალიზაციაზე და დაძაბულობაზე გადავიდეს და არჩევნები უკანა ფლანგზე გადავიდეს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
