„საერთო ჯამში, არ ვფიქრობ, რომ დღეს [საქართველოში] ძალიან სასურველი გარემო იყოს ინვესტირებისთვის“ – ბექა ბექაია (bm.ge)

კომპანია „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორის ბექა ბექაიას შეფასებით, საქართველოსა და რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარება ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად აისახება.
როგორც ბექაიამ BMG-ის ბიზნესგარემოს შეფასებისას განუცხადა, დაძაბული ვითარების ფონზე, მათ შორის ევროპელი ინვესტორები, ჯერჯერობით, საქართველოს ბაზარს სიფრთხილით უყურებენ.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარების გამო შარშან წლის ბოლოს შეჩერებული ევროპული, ჰოლანდიური ინვესტიცია, 10-მილიონიანი პროექტი აღარც განახლებულა.
„ამ ეტაპზე ჩვენთან სიტუაცია ძალიან რთულია, შიდა და გარეც. შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, კი ვხედავთ რაც ხდება და ამით კმაყოფილი ვერავინ იქნება, ვერც ბიზნესი და ვერც ნებისმიერი სფერო. გარე ფაქტორებიც, ჩვენ ვხედავთ სამეზობლოში რა ხდება, რუსეთსა და ს ვგულისხმობ. დადებითი რაც ხდება {რეგიონში], ეს ისაა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი თითქოს მშვიდობისკენ წავიდნენ და ეს ძალიან კარგია ჩვენი რეგიონისთვის.
შარშან ზუსტად ამ დროს დავიწყეთ [ევროპულ ინვესტიციაზე] საუბარი და ნოემბერ-დეკემბერში ეს €10 მილიონიანი პროექტი გაჩერდა. საკმაოდ მასშტაბური პროექტი იყო ჩვენთვის, თუმცა ეს უკვე ჩავლილი ამბავია,
საერთო ჯამში, არ ვფიქრობ, რომ დღეს [საქართველოში] ძალიან სასურველი გარემო იყოს ინვესტირებისთვის. ჩვენ ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა უფრო მეტად ევროპულ კომპანიებთან, ისინი ძალიან სიფრთხილით ეკიდებიან ჯერჯერობით. იმედია, რომ დასტაბილურდება ჩვენთან [ვითარება] და ეს ინტერესი უფრო სტრატეგიული ინვესტორების მხრიდან გაიზრდება”, – განაცხადა ბექა ბექაიამ.
ცნობისთვის, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 580.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.
FDI-ის შემცირება ფიქსირდებოდა პირველ კვარტალშიც, შესაბამისად 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 15.5%-ით 763.7 მლნ დოლარამდე შემცირდა.