ნორვეგიის პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნეს მმართველმა „შრომის პარტიამ“ და მემარცხენე-ცენტრისტულ კოალიციაში მისმა მოკავშირე პარტიებმა.
8 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა, 28%-ზე მეტი მიიღო პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს „შრომის პარტიამ“, რომელსაც კოალიციის კიდევ ოთხ პარტიასთან ერთად 169-წევრიან პარლამენტში 87 მანდატი ექნება. უმრავლესობის შესაქმნელად სულ მცირე 85 მანდატია საჭირო.
„შრომის პარტიის“ ლიდერის, პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს განცხადებით, ნორვეგიის არჩევნების შედეგები სხვა ქვეყნებისთვის არის სიგნალი, რომ მემარჯვენე განწყობების ტალღის მიუხედავად სოციალ-დემოკრატიას გამარჯვება შეუძლია.
ამასთან, მემარჯვენეთა პოზიციები ნორვეგიაშიც გაძლიერდა. საპარლამენტო არჩევნების შედეგად უმსხვილეს ოპოზიციურ ძალად იქცა პოპულისტური ელფერის მემარჯვენე-ლიბერალური „პროგრესის პარტია“, რომელმაც ხმების თითქმის 24% მიიღო. ეს შედეგი 12%-ით მეტია წინა, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით.
„კონსერვატიულმა პარტიამ“, რომლის ლიდერი ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგია, ხმების 14%-ზე მეტი მიიღო.
ნორვეგიაში, რომლის მოსახლეობა 5,6 მილიონია, 8 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეეძლო დაახლოებით ოთხ მილიონ მოქალაქეს. აქტივობამ 78,9% შეადგინა.
ფორუმი
