ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოსვლები იყოს მასშტაბური, მაგრამ ქარიშხალს განრიგს ვერ დაუწესებ – კულმინაცია მოხდება, მაშინ, როდესაც მთავარ საკითხს, მთავარ რუბიკონს მიადგება ქართული საზოგადოება, ეს არის ევროპის კარის დაკეტვა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, პროტესტის განელებაზე საუბრობენ ისინი, ვისაც აღარ სჯერათ ადამიანების და 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრის.
„ქართველი ხალხის პროტესტს გაცილებით დიდი საფუძველი აქვს, ვიდრე ერთი კონკრეტული მიტინგი ან თარიღია. მე არ მჯერა იმ პოლიტიკოსების, რომლებსაც თავის მხრივ არ სჯერათ ხალხის. პროტესტის განელებაზეა საუბარი, როდესაც აღარ სჯერათ ადამიანების, აღარ სჯერათ 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრის. ვისაც არ სჯერა, ეს მათი ნებაა.
შეიძლება გვინდოდეს, რომ ყოველდღე ასი ათასი კაცი იყოს აქციაზე, საქართველოს ყველა მოქალაქემ თქვას, რომ სხვა ყველა საქმეს გადავდებ და მე უნდა გამოვიდე, ასეთი კულმინაცია აუცილებლად მოხდება, მაგრამ ჩემი რწმენით, ეს კულმინაცია მოხდება, მაშინ, როდესაც მთავარ საკითხს, მთავარ რუბიკონს მიადგება ქართული საზოგადოებას, ეს არის ევროპის კარის დაკეტვა, რაც „ქართულმა ოცნებამ” მოგვიტანა, ეს არის ნამდვილი წითელი ხაზი, ნამდვილი რუბიკონი.
მიმაჩნია, რომ ხალხის გამოსვლა მოხდება, მაშინ, როცა მთავარი საკითხი დადგება დღის წესრიგში. ეს უბრალო ამბავი არ არის. ზოგს უნდა, რომ ისე წარმოაჩინოს, რომ ვიზას ადრეც ხომ ვიღებდით და მივალთ ახლაც და ავიღებთ საელჩოებში, რიგებში ჩავდგებით. ასე უნდათ, რომ ტექნიკურ საკითხამდე ჩამოალაბორანტონ ეს უმძიმესი პრობლემა, რაც ქართული საზოგადოებისა და ერის წინაშე დგას.
ახლა ვიღაც მოდის და გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ ანტიდემოკრატიული ირანის მიმართულებით ანდა დამპყრობელი რუსეთის მიმართულებით და დავკეტოთ ევროპის კარი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.




