სომხეთმა, საქართველოს გავლით, რუსეთში საბორნე გადაზიდვები შეაჩერა – ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან ქერობიანმა Armenpress განუცხადა.
მისი თქმით, საბორნე მომსახურება, რომელიც ზემო ლარსის საგუშაგოს ალტერნატივად განიხილებოდა, რამდენიმე თვე ფუნქციონირებდა, მაგრამ ექსპორტიორებსა და იმპორტიორებში საკმარისი ინტერესი არ გამოიწვია.
“გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვემსახურეთ საბორნე მარშრუტს, მაგრამ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ სხვა ქვეყნებში ექსპორტის გააქტიურებაზე”,- თქვა ქერობიანმა.
ქერობიანის თქმით, იგეგმება ნაბიჯების გადადგმა ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის. მთავარი მიმართულება იქნება ახლო აღმოსავლეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, აზიური, ევროპული და ამერიკული მიმართულებები. ასევე განიხილება ექსპორტის ხელშეწყობის არაერთი პროექტი, რითაც ქვეყანა ცდილობს კომპანიებს ექსპორტისთვის ახალ მიმართულებების ათვისებაში დაეხმაროს.