2023 წლის 11 თვეში საქონლის ექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს, დაახლოებით 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 11 თვესთან შედარებით, 11%-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ 2023 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
გოგიტა თოდრაძემ განმარტა, რომელ ჯგუფებს მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი ექსპორტის კუთხით.
„11 თვის მონაცემებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის შემდეგ სასაქონლე ჯგუფებს – მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს, რომელიც, 11 თვის მონაცემებით, დაახლოებით 155%-ით არის გაზრდილი. ასევე, სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, თუმცა ბოლო პერიოდში ამ სასაქონლე ჯგუფის ექსპორტში კლების გამო დაახლოებით 49-50%-იანი შემცირებაა. მესამე სასაქონლო ჯგუფი არის ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომელიც, ჯამში, სამპროცენტიანი ზრდით ხასიათდება.
რაც შეეხება ქვეყნებს, იანვარ-ნოემბერში პირველ სამეულში, აზერბაიჯანის გარდა, ხვდება სომხეთი და ყაზახეთი, რაც ძირითადად განაპირობა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანმა ზრდამ. 2023 წლის შესაბამისი პერიოდისგან განსხვავებით, ათეულში ასევე გვხვდება ყირგიზეთი და უზბეკეთი. რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის 11 თვეში იმპორტის მაჩვენებელმა 14 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ეს მაჩვენებელი 16%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს;
ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მსუბუქი ავტომობილების იმპორტს, დაახლოებით 94%-იანი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით. ასევე, ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა და გაზრდილია სამკურნალო საშუალებების იმპორტი. 2022 წლის იანვარ-ნოემბრისგან განსხვავებით, პირველ სამეულში, თურქეთის და რუსეთის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატები გვხვდება და, 2022 წლის შესაბამისი პერიოდისგან განსხვავებით, ათეულში გაჩნდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროები და იტალია“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.