თარიღები არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძლიერი მხარე – 4 ოქტომბერიც მოვა, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის, მოსახლეობა თავის აზრს გამოხატავს და საქართველოში ცხოვრება გაგრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნების ჩასაშლელად ემზადება.
„თარიღები არ არის ამ ძალის ძლიერი მხარე. ჩვენ ბევრი თარიღი გვინახავს დაანონსებული, გადავლილი და ახლაც იგივე იქნება. 4 ოქტომბერიც მოვა, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის, მოსახლეობა თავის აზრს გამოხატავს და საქართველოში ცხოვრება გაგრძელდება. ეს არის, რაც რეალურად მოხდება, თუმცა რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა და გვესმის ამის პირდაპირი, ხმამაღალი მოწოდებები სისხლის სამართლის დანაშაულზე. გვესმის მოწოდებები მოსახლეობის გარკვეულ ნაწილის მიმართ, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, რაღაცას დააანონსებენ, მუხტს აწევენ, შემდეგ გაეცლებიან, დაიმალებიან და მოსახლეობას შეატოვებენ ხოლმე დაპირისპირების კერას. ალბათ, იგივე სცენარს ვიხილავთ. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რომ არჩევნები არ არის არც მნიშვნელოვანი და არც მათი პოლიტიკის ნაწილი, ჩვენ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვნახეთ. ამიტომ აქ პროგნოზების გაკეთება ყველასთვის მარტივია. ისინი ემზადებიან არჩევნების ჩასაშლელად. არჩევნებისთვის ემზადებიან არა იმიტომ რომ მონაწილეობა მიიღონ, არამედ იმიტომ რომ ჩაშალონ,“ – განაცხადა მახაშვილმა.
