ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი გაუჩინარდა | ქვეყანაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეკვადორის ციხიდან გაუჩინარდა კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, ადოლფო მასიას ვილამარი, მეტსახელად “ფიტო”. ქვეყანაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ღამით ამოქმედებულია კომენდანტის საათიც.
“ფიტო” არის დაჯგუფება “ლოს ჩონეროს” ლიდერი, რომელიც ფიქრობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ციხის ზოგიერთი სასიკვდილო არეულობის უკან იდგა. ის ქალაქ გუაიაკილის ციხის განსაკუთრებით დაცულ ნაწილში იხდიდა სასჯელს. ბანდა ძირითადად ეწევა ნარკოტრაფიკს და გამოძალვას და კავშირი აქვს მექსიკის მძლავრ კარტელთან.
ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა სამხედროებსა და პოლიციას საშუალებას მისცემს ციხეებზე კონტროლი დაამყარონ.
BBC წერს, რომ დაჯგუფება “ლოს ჩონეროს” აკონტროლებს იმ ციხის შენობის დიდ ნაწილს, რომელშიც “ფიტო” იხდიდა სასჯელს.
“ეს ნარკოტერორისტული ჯგუფები ჩვენს დაშინებას აპირებენ და ფიქრობენ, რომ მათ მოთხოვნებს დავემორჩილებით. ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტერორისტებთან და არ მოვისვენებთ, სანამ მშვიდობა არ აღდგება”,- განაცხადა ეკვადორის პრეზიდენტმა.
პოლიციამ განაცხადა, რომ მათ შენიშნეს “ფიტოს” გაუჩინარება კვირას დილით და ვერსად იპოვეს ციხის ტერიტორიაზე.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოახერხა თუ არა “ფიტომ” საპორტო ქალაქის ციხის კომპლექსის დატოვება, თუ იმალება კოპლექსის შიგნით. პოლიციის მეთაურმა თქვა, რომ მას არ შეუძლია “არც დაადასტუროს და არც უარყოს” გაქცევა და არც იმის თქმა, რამდენი ხანი გავიდა, რაც მსჯავრდებული გაუჩინარებულია.
ციხე მდებარეობს დიდ კომპლექსში, სადაც ხუთი პენიტენციური დაწესებულებაა გაერთიანებული და 12 000-ზე მეტი პატიმარი იხდის სასჯელს. “ფიტომ” 12-წლიანი სასჯელის დიდი ნაწილი იქ გაატარა. აგვისტოში ის მცირე ხნით გადაიყვანეს “ლა როკაში”, იმავე კომპლექსის პატარა ციხეში, რომელიც უფრო უსაფრთხოდ ითვლება პატიმართა ნაკლები რაოდენობის გამო, მაგრამ ადვოკატმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ერთი თვის შემდეგ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი უკან “ლა რეგიონალში” დააბრუნეს.
“ფიტო” ციხის შენობიდან ადრეც გაიქცა – 2013 წელს მან და 17-მა სხვა პატიმარმა “ლა როკადან” გასვლა მოახერხეს. 4 თვის შემდეგ ის ტყვედ ჩავარდა ძმასთან ერთად, რომელიც ასევე “ლოს ჩონეროს” წევრია, მას შემდეგ “ფიტო” ციხეშია.