ევროკავშირში აცხადებენ, რომ 2027 წლისთვის რუსეთიდან ენერგორესურსების შეძენა საბოლოოდ დასრულდება. საკითხი ამჟამად ევროპარლამენტში დაჩქარებულად განიხილება. პარალელურ რეჟიმში ალტერნატიულ იმპორტიორებთან მუშაობას განაგრძობს ბრიუსელი, მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატებიც.
საკითხზე იმსჯელეს კოპენჰაგენშიც, სადაც 5 სექტემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკის მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. ევროპელების თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეამცირონ დამოკიდებულება არასანდო იმპორტიორზე და ხელი შეუშალონ რუსეთის მხრიდან ენერგეტიკის იარაღად გამოყენებას.
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, დან იორგენსენი თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგაც, მშვიდობის პერიოდშიც იმოქმედებს.
„ვთვლი, რომ ევროპა აღარასოდეს შეიძენს რუსული გაზის ერთ მოლეკულასაც კი, მას შემდეგ რაც ეს გადაწყვეტილება დამტკიცდება.
ჩვენ დაჩქარებულად უნდა გამოვნახოთ გამოსავალი იმ გამოწვევიდან, რომლითაც ჯერ კიდევ დამოკიდებული ვართ რუსულ ენერგიაზე. გასულ თვეს ჩვენ წარვადგინეთ შეთავაზება, სრულად ავკრძალოთ რუსული ენერგორესურსების იმპორტი და ახლა ეს ევროპარლამენტში განიხილება. ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროპა აღარ მიიღებს შანტაჟს კრემლის მხრიდან. აღარ მივიღებთ რუსეთის მხრიდან ენერგიის იარაღად გამოყენებას და არ დავაფინანსებთ რუსულ ომს. მინისტრებთან შეხვედრაზე სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენ გვსურს, შევწყვიტოთ იმპორტი რაც შეიძლება სწრაფად.
ჩემი აზრით, რუსული ენერგია არ უნდა შევისყიდოთ მშვიდობის პერიოდშიც. შესაბამისად, ეს არაა დროებითი სანქცია, ეს დარჩება სამუდამოდ. ვთვლი, რომ ევროპა აღარასოდეს იყიდის რუსული გაზის ერთ მოლეკულასაც კი მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება დამტკიცდება”, – აღნიშნა დან იორგენსენმა მედიასთან.
ევროკომისრის თქმით, ამ მხრივ თანამოაზრე თეთრ სახლშიც ჰყავთ. საგულისხმოა, რომ Reuters-ის ცნობით, გუშინ „მსურველთა კოალიციასთან” საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ევროპაში რჩებიან ქვეყნები, რომლებიც რუსულ ენერგიაზე უარს არ ამბობენ. მათ შორის ვაშინგტონში ყურადღება უნგრეთსა და სლოვაკეთზე გაამახვილეს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას პეკინში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებისთვის მხარის დაჭერას არ აპირებს და არც რუსულ გაზზე გეგმავს უარის თქმას.
euronewsgeorgia.com
