გამოცემა ნეტგაზეთის ინფორმაციით, ცხინვალში “ქართულ ოცნებას” გულწრფელობას უწონებენ და თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით შექმნილი კომისიის დასკვნით კმაყოფილებას არ მალავენ.
„2008 წლის აგვისტოში საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 17 წლის შემდეგ თბილისში ის აღიარება გაჟღერდა, რომელსაც სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ამდენი წელი ელოდნენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს ჩადენილი დანაშაულებების საკვლევი კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა წარმოადგინა 460-გვერდიანი ანგარიში, რომელიც არ ტოვებს ეჭვს: აგრესიული ომი სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დაიწყო იმდროინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით,“ – წერს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის “სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო” რეს-ი “ანალიტიკურ სტატიაში” სახელწოდებით “საქართველომ ოფიციალურად აღიარა პასუხისმგებლობა 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღებისათვის”.
სტატიაში ასევე ხაზგასმულია თეა წულუკიანის პროფესიული გამოცდილება – 1975 წელს დაბადებული თეა წულუკიანი გამოცდილი იურისტია. მას ჰქონდა სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგის ეროვნულ ადმინისტრაციის სკოლაში, მუშაობდა სარტის დეპარტამენტის პრეფექტის კაბინეტში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიან თანამშრომლად, რეგლამენტის კომიტეტის წევრად და ა.შ.
“კომისიის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 8 აგვისტოს ღამით ცხინვალის ბარბაროსულ დაბომბვას”.
“ნებისმიერ შემთხვევაში ეს ანგარიში წარმოადგენს ოფიციალურ და საბოლოო დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის პოზიციის სისწორეს. ის ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული „საქართველოს მშვიდობისკენ იძულების“ ოპერაცია იყო ერთადერთი შესაძლებელი პასუხი საქართველოს რეჟიმის გამცემურ აგრესიაზე, რომლის მიზანიც იყო ძალით გაენადგურებინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა.
ამ კონტექსტში შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის კომისია უფრო გულწრფელი აღმოჩნდა, ვიდრე დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც თითქმის 20 წელი იმეორებდნენ მანტრას თითქოს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ბრალზე 2008 წლის ომში”, – წერს დე ფაქტო ხელისუფლების გამოცემა სტატიაში.
საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დასკვნა განიხილა და დასკვნასთან დაკავშირებით დადგენილება მიიღო.
“კომისიის დასკვნაში, რომელიც 500-მდე გვერდს მოიცავს, შეფასებულია 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა. საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოყვანილი ფაქტების გაანალიზების საფუძველზე, პარლამენტმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფას; კორუფციას, ბიზნესის რეკეტისა და საკუთრების უფლების ხელყოფის უხეშ ფაქტებს; მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებას; საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს; მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული პირების დესტრუქციულ საქმიანობას 2012–2025 წლებში.”
მასალა – ნეტგაზეთი
