ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმის პროკურორი – თამთა მიქელაძესთან კითხვები 2024 წლის აქციებთან დაკავშირებით გვაქვს, ის აკეთებდა წინააღმდეგობის ადგილების გახსნის შესახებ მოწოდებებს, ორგანიზაციას შეძენილი აქვს რესპირატორები, სახის დამცავი სათვალეები, „წიწაკის სპრეი“

ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორ თამთა მიქელაძესთან, რომელიც საქმეზე მოწმის სახით, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე იკითხება, გამოძიებას კითხვები 2024 წელს გამართულ აქციებთან დაკავშირებით აქვს.
როგორც მან ჟურნალისტებს გამოკითხვის დაწყებამდე განუცხადა, 2024 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში გარდა იმისა, რომ მიქელაძე მოწოდებებს აკეთებდა, მას პროტესტისთვის ფინანსური დახმარებაც აქვს გაწეული.
კერძოდ, როგორც პროკურორმა განმარტა, აქციების პერიოდში, მის ორგანიზაციას შეძენილი აქვს რესპირატორები, სახის დამცავი სათვალეები და შეძენილი აქვს „წიწაკის სპრეი“.
„გამოძიებას მის მიმართ გააჩნია კითხვები 2024 წელს გამართულ აქციებთან დაკავშირებით. კერძოდ იგი გამოირჩეოდა აქტიურობით, აკეთებდა მოწოდებებს. მოწოდებები შეეხებოდა წინააღმდეგობის ადგილების გახსნას, საჯარო სექტორის გაფიცვას. იგი მიუთითებდა ბრძოლაზე და პირდაპირ ამბობდა, რომ ბრძოლა უნდა ყოფილიყო სასტიკი. გარდა ამისა, ფინანსური დახმარებაც აქვს გაწეული. 2024 წელს, აქციების პერიოდში, მის ორგანიზაციას შეძენილი აქვს რესპირატორები, სახის დამცავი სათვალეები და შეძენილი აქვს „წიწაკის სპრეი“. ბუნებრივია, კითხვები იქნება ამასთან დაკავშირებით. რა დანიშნულებით, რა მიზნებით იქნა ეს საშუალებები შეძენილი და რა როლი აქვს მას ამ აქციებთან დაკავშირებით. ვინ იყო ორგანიზატორი, ხელმძღვანელი, მოწოდებები რა იყო და ა.შ.“- განაცხადა საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების” , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” , ა(ა)იპ „საფარის” , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.