ისრაელი საგარეო მინისტრი – ემანუელ მაკრონის ისრაელში ვიზიტი უადგილო იქნება, თუ პარიზი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმაზე უარს არ იტყვის

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა ფრანგ კოლეგას, ჟან-ნოელ ბაროს მოუწოდა, უარი თქვას პალესტინის აღიარებაზე და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ისრაელში სასურველი სტუმარი არ იქნება, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემა გიდეო საარის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატელეფონო საუბრისას გიდეონ საარმა ჟან-ნოელ ბაროს, მოუწოდა „გადახედოს საფრანგეთის ინიციატივას „პალესტინის სახელმწიფოს“ აღიარების შესახებ და განაცხადა, რომ საფრანგეთის ინიციატივა ძირს უთხრის სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში და ზიანს აყენებს ს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს“.
„ისრაელი საფრანგეთთან კარგ ურთიერთობებს ცდილობს, მაგრამ საფრანგეთმა პატივი უნდა სცეს ისრაელის პოზიციას, როდესაც საქმე მისი უსაფრთხოებისა და მომავლისთვის აუცილებელ საკითხებს ეხება“, – განაცხადა საარმა საუბრის დროს.
მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, ისრაელში ნებისმიერი ვიზიტი უადგილო იქნება მანამ, სანამ საფრანგეთი „გააგრძელებს თავის ინიციატივებსა და ძალისხმევას, რომელიც ისრაელის ინტერესებს აზიანებს“.