სასამართლოში 2 სექტემბერს დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 სექტემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთა ნაწილი დააჯარიმეს, ნაწილის საქმის განხილვა კი გადაიდო.
5000-5000 ლარით დააჯარიმეს ნიკა კორძაძე და დავით გუნაშვილი, 4 ათასი ლარით – ანი ჭინჭარაული, 500 ლარით – ლუკა დევდარიანი.
სასამართლოში გამოცხადებული აქტივისტები პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ.
პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფის და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმაც, რომელმაც დაკავებულთა ნაწილი მოინახულა. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთა ნაწილს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები კიდურებზე.
2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაორგანიზდა, რაც შემოდგომა-ზამთრის აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის, რომელსაც პროკურატურა ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს ედავებოდა, განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გადაკვალიფიცირებული ბრალით, მათგან სამს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს, 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენ ხუთს კი, ინსაფ ალიევს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოს ჯავახიშვილს — 2 წლით.
ამავე დღეს, 8 პირის განაჩენის გამოცხადებას ანტონ ჩეჩინის პროცესი. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს. ანტონ ჩეჩინს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედავებოდნენ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს. ის ბრალს არ აღიარებს.
განაჩენების გამოცხადების პარალელურად, „ქართული ოცნების“ პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობდა, სადაც თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარადგინა. ამიტომ აქტივისტები ჯერ პარლამენტის უკან შეიკრიბნენ, შემდეგ კი რუსთაველის გადაკეტვა დაიწყეს. ამ პროცესში პოლიციამ 20-ზე მეტი აქტივისტი დააკავა.