უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს და რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ X-ზე წერს.
„დღეს, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას 30-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი პირადად და ონლაინ ფორმატში დაესწრო. ყველა მათგანი ერთი მიზნის გარშემოა გაერთიანებული: ამ ომის მყარი მშვიდობითა და ხანგრძლივი უსაფრთხოებით დასრულება. დეტალურად განვიხილეთ თითოეული ქვეყნის მზადყოფნა, რომ თავისი წვლილი ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერსა და კიბერსივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიტანოს. პოზიციები შევათანხმეთ და უსაფრთხოების გარანტიების ელემენტები განვიხილეთ. მადლიერი ვარ, რადგან ყველას ესმის, რომ მთავარი უსაფრთხოების გარანტია ძლიერი უკრაინული არმიაა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, ლიდერები თანხმდებიან, რომ რუსეთი მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებისა და ომის გახანგრძლივებისთვის ყველაფერს აკეთებს.
„უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაიზარდოს და რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტისთვის მზადება მიმდინარეობს. სანქციებზე მუშაობს იაპონიაც. ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის, ჩვენი ხალხისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას ვუხდი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ომის დასრულების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის და ამერიკის მზადყოფნისთვის, რომ უკრაინას დაეხმაროს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
