„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ უფლება არ დაგვეთანხმონ და გაასაჩივრონ“ – ირაკლი ლექვინაძე

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ უფლება არ დაგვეთანხმონ და გაასაჩივრონ“, – ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სააფთიაქო ქსელები შეთანხმებული (კარტელური) მოქმედებისთვის 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯარიმები 4 კომპანიას – „ავერსს“, „გეფა“-ს, „პსპ“-სა და „მერმისს“ შეეხო.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, გასულ წლის მარტში მოკვლევა 5 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ დაიწყო, მაგრამ მოკვლევის დასრულების შემდეგ, ერთ მათგანს კარტერულ ქმედებაში მონაწილეობა არ დაუდასტურდა, 4-ის შემთხვევაში კი გამოყენებული იქნა სანქცია 53 მლნ ლარამდე.
„5 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევა გასულ წლის მარტის თვიდან მიმდინარეობდა. ჩვენი შეფასებით გამოვლინდა ქმედებები, რაც ჩვენი მხრიდან დანახული იქნა პრობლემურად, კერძოდ 4 კომპანიის მხრიდან, 42 მედიკამენტზე ფიქსირდებოდა ზუსტად იდენტური ფასწარმოქმნა – 3 შემთხვევა იყო 2 კომპანიის მონაწილეობით, 7 – 3 კომპანიის მონაწილეობით და 18 – 4 კომპანიის მონაწილეობით. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რომელთა მედიკამენტებიც იყიდება ონკოლოგიური მიმართულებით და ამ პროცესმა აჩვენა, რომ შეუძლებელია ბუნებაში 4 კომპანიის, თუნდაც 3 კომპანიის ფასი, წინასწარი შეთანხმების გარეშე დაემთხვეს ერთმანეთს. შედეგად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და, 4 კომპანიის შემთხვევაში, გამოყენებული იქნა სანქცია, რომლის მოცულობა 53 მლნ ლარამდეა, მეხუთე კომპანია გათავისუფლებული იქნა სანქციიდან, რადგან მას არ უფიქსირდებოდა აღნიშნულ პერიოდში არც ერთი იდენტური ფასი სხვა კომპანიასთან მიმართებაში. ამიტომ, ჩვენი მოკვლევა დასრულდა ამ შედეგით და გავეცით ერთი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით, რომელიც გულისხმობს ნორმატიული ბაზის უზრუნველყოფას. მათ აქვთ უფლება ჩვენი გადაწყვეტილება გაასაჩივრონ“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისი თქმით, ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ უფლება არ დაეთანხმონ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას და პროცესი გაგრძელდეს სასამართლოში.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ უფლება არ დაგვეთანხმონ და პროცესი გაგრძელდეს სასამართლოში. დარწმუნებული ვართ, რომ შედეგი იქნება შესაბამისი,“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში ირაკლი ლექვინაძემ ისიც თქვა, რომ სააგენტო აგრძელებს მოკვლევას მედიკამენტების გაზრდილ ფასნამატთან დაკავშირებით. „ვამუშავებთ ინფორმაციას და დავიწყებთ მოკვლევის პროცესს. იანვრის თვეში გაცნობებთ ამის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძე.