უკრაინაში უარყოფენ და პროპაგანდად აფასებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის თითქმის ნახევარს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
ერთხელ უკვე ოკუპირებული და გათავისუფლებული კუპიანსკი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, რომელიც გზას ხსნის ქალაქ ხარკოვისკენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 სექტემბერს გაავრცელა დრონებით გადაღებული კადრები, რომლებიც მისი მტკიცებით, ადასტურებენ, რომ კუპიანსკის თითქმის ნახევარს აკონტროლებენ რუსეთის დასავლეთის ჯარების ქვედანაყოფები და განაგრძობენ ოპერაციას ქალაქისა და მისი მიმდებარე რაიონების „გასათავისუფლებლად“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ვიდეოზე დაფიქსირებულია კუპიანსკის ცენტრში და მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და სამრეწველო ობიექტების რაიონებში მყოფი რუსი სამხედროები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-10 კორპუსმა სოციალური ქსელებით გაავრცელა განცხადება, რომ ვიდეო, რომელიც კუპიანსკის სხვადასხვა რაიონში რუსეთის დროშების აღმართვას ასახავს, „დადგმული პროპაგანდისტული მასალაა“, რომლის გამოც რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო პირებად გადაცმის ხერხს მიმართეს.
მე-10 კორპუსის სარდლობის თანახმად, უკრაინის დამცველები მსგავს მცდელობებს რუსების მოიერიშე ჯგუფებთან ერთად მაშინვე ანადგურებენ. განცხადებას თან ერთვის ვიდეო, რომელიც სარდლობის მტკიცებით, ასახავს კუპიანსკში რუსი სამხედროების ჯგუფის განადგურებას.
უკრაინული ანალიტიკური არხი DeepState-ი, რომელიც მონიტორინგს უწევს ფრონტზე არსებულ ვითარებას და სანდო წყაროდ მიიჩნევა, წერს, რომ 3 სექტემბრის მდგომარეობით, რუსი სამხედროები ისევ კუპიანსკის ჩრდილოეთ შემოგარენში იმყოფებიან, თუმცა მუდმივად ცდილობენ ქალაქში შეღწევას.
DeepState-ის თანახმად, რუსეთის დროშების აღმართვის საჩვენებელი კადრები გადაღებულია ე.წ. რუხ ზონაში, ანუ იმ რაიონებში, რომლებსაც სრულად ვერცერთი მხარე ვერ აკონტროლებს.
რუსეთის ჯარებმა ქალაქი კუპიანსკი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის თებერვალში დაიკავეს. იმავე წლის შემოდგომაზე უკრაინის არმიამ კუპიანსკი გაათავისუფლა. რუსეთის ჯარებმა ქალაქზე მორიგი შეტევა 2023 წლის ზაფხულიდან დაიწყეს.
ფორუმი
