ნიკა კაცია მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა

ნიკა კაცია, რომელიც პროევროპული აქციების მსვლელობისას, გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.
მის გათავისუფლებას სხდომათა დარბაზსა და ფოიეში შეძახილები მოჰყვა: “ნიკა კაცია, ნიკა კაცია”….
ნიკა კაცია: “ბოლომდე, ბოლომდე დიდი მადლობა”.
ნიკა კაციას გათავისუფლება მიულოცეს პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მშობლებმა.
გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკურლი საშუალებების შეძენა-შენახვა მოხმარებას გულისხმობს და რაც სასჯელის ზომად 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
გადაწყვეტილების გამოცხადებისას, მოსამართლემ თქვა, რომ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები ერთობლივად უნდა შეჯამდეს, პოლიციელების ჩვენებეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ასევე უნდა შეფასდეს, იყო თუ არა „ნეიტრალური მტკიცებულების“ მოპოვების შესაძლებლობა – დაკავებისას ვიდეოს გადაღება ან ნეიტრალური მოწმის დასწრება.
ეს იყო პრაქტიკულად ის ტექსტი, რაც წერია, ამ დრომდე, ნარკოდანაშაულის საქმეეზე დაკავებულთა გამამართლებელ განაჩენებში.
თამარ მჭედლიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოიშველია საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტი, რომელიც განსაზღრავს ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების სტანდარტს.
ეს გადაწყვეტილება გაიხსენეს თედო აბრამოვისა და გიორგი ახობაძის გამამართლებელ განაჩენებშიც.
თამარ მჭედლიშვილმა თქვა, რომ არსებობს ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება:
“მართალია, ნიკა კაციამ ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა ოქმის სისწორე, მან განმარტა, რომ ცარიელ ოქმზე მოაწერინეს ხელი… დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ ნეიტრალური მოწმე არსებობდა ტაქსის მძღოლის სახით. ამიტომ სასამართლო მსჯელობს, არსებობდა, თუ არა ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა“, – თქვა მოსამართლემ.
ნიკა კაცია ბრალს არ აღიარებდა გამოძიებისა და სასამართლოს მსვლელობის არცერთ ეტაპზე.
განაჩენის გამოცხადებამდე მან სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა.
ნიკა კაციამ თქვა, რომ არავისთან აქვს თავი სამართლებელი და სამართლიან ქვეყანაში რომ ცხოვრობდეს, ერთ წამსაც არ გაატარებდა საპატიმროში:
“ყველა დიდი ირონია, რაც ახლავს ამ რეჟიმს, არის ის რომ დღეს ბრალდებულების ტრიბუნასთან ვართ უდანაშაულოები, ისინი კი ვინც იძალადეს ბრალდებულებზე, გარეთ…
ამორალურია ეს ყველაფერი, მომავალ თაობას რა მაგალითს აძლევს პროკურატურა, რომელიც კერავს და ვერ კერავს საქმეს?….არის ერთი ამბავი, არის სიმართლე და არის ტყუილი და როცა სიმართლე ფიქსირდება ის შედეგს აუცილებლად მოიტანს…
მე ვარ უსამართლობის სამიზნე… ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის შეთითხნილი, ამაზე კულტურულად ვერ გამოვთქვამ….ეს არ არის პერსონების სიმართლე, ეს არის ძალიან დიდი სიმართლე, რომელსაც გადაყვება ყველა, როცა ვამბობ რეჟიმს მე ვგულისხმობ ყველას, ვინც ემსახურება ამას.
დიახ ვარ ხისტი, აბა რას ელოდებოდით, როცა ამხელა ტყუილს მაბრალებდით, რომელსაც მოჰყვება 20 წლამდე ან უვადო, ანეკდოტია თუ რა არის, რატომ გახდა ტრადიცია ამ 9 თვეში, რომ ადამიანის ბედით თამაში კარგია და ვინმემ ტაში უნდა დაუკრას?
ერთი ადამიანი ზის უბოროტესი და თამაშობს, ეს დავტოვოთ, ის გავუშვათ, ახლა ეს იტირებს…. შოკში ჩავვარდი, როცა ვნახე საბა სხვიტარიძის [მას პატიმრობა 3 სექტებერს მიესაჯა] და თორნიკე გოშაძის [ასევე მსჯავრდებული] დედა, ეს მანადგურებს…
როცა თქვენ[მოსამართლე] გითხარით, არ გისურვებთ, რომ თქვენს შვილს ნარკოტიკი ჩაუდონ მეთქი, დედაჩემი მოვიდა ციხეში პაემანზე და მითხრა – არ გეთანხმები, ეგ რატომ უთხარიო.
რატომ აიძულეთ დედაჩემი არ დამთანხმებოდა? რატომ აიძულეთ დედაჩემი სიყვარულით სავსე ქალი, რომელიც არასდროს არავისზე დაბოღმილა, მისგან იყო სულ მოთმინება, მოთმინება, რატომ აიძულეთ ილაპარაკოს ასე? ამას ვგულიხმობ, როცა ვამბობ, რომ რეჟიმი არის არაადამიანური.
მე ვარ ადამიანი, რომელსაც პატარა შეცდომის აღიარებაც კი შეუძლია. ოდნავ დამნაშავეც რომ ვყოფილიყავი, ჩემს ამ პრინციპულობას ვერ დაინახავდით…
ნარკოდანაშაულის იდენტურ საქმეებზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 გამამართლებელი განაჩენი დადგა.
2024 წლის დეკემბერში დაკავებული დემონსტრანტებიდან ნარკოდანაშაულის ბრალდება რამდენიმეს აქვს. მათგან ორი, გიორგი ახობაძე და თედო აბრამოვი, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
ნარკოდანაშაულში ბრალდებული კიდევ ერთი დაკავებული, ანტონ ჩეჩინი, 2 სექტემბერს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა.
სასამართლომ თითქმის დაასრულა ნარკოდანაშაულში ბრალდებულების, ანასტასია ზინოვკინას და არტემ ბრიგულის საქმის განხილვა და მოსამართლემ გადაწყვეტილება შესაძლოა 12 სექტემბერს გამოაცხადოს.
ფორუმი