ახალ სააღმზრდელო წელს N109 და N50 განახლებული საბავშვო ბაღები გაიხსნება – თბილისის მერია

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.
როგორც თბილისის მერმა მ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალ სააღმზრდელო წელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება.
კერძოდ, მისი თქმით, ისნის რაიონში N109 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა გაიხსნება, სექტემბრის ბოლომდე კი კიდევ ერთი ბაღი დაბრუნდება ახალ შენობაში.
„N109 ბაღი ერთ-ერთი უდიდესია თბილისის მასშტაბით და 20 ჯგუფით მოემსახურება 600-ზე მეტ აღსაზრდელს. სექტემბრის ბოლომდე კიდევ ერთი საბავშვო ბაღი დაბრუნდება სრულიად ახალ შენობაში. გლდანის რაიონში, კერძოდ კი ზაჰესის დასახლებაში მდებარე N50 საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა დასრულებულია და პატარების მისაღებად ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ორივე, N109 და N50 საბავშვო ბაღები მშენებლობის პერიოდში ალტერნატიულ ფართებში ფუნქციონირებდა, რამდენიმე კვირაში კი ისინი განახლებულ, კეთილმოწყობილ და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებენ სკოლამდელი განათლების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ახალი ბაღების გახსნის სამზადისის პარალელურად, ბაღების სააგენტო კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
„ბაღების განახლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და მსხვილი სარემონტო სამუშაოები თბილისის ათ საბავშვო ბაღში, რაც მოიცავს ფასადის განახლებას, ინტერიერის სრულ განახლებას, ეზოებისა და ვერანდების კეთილმოწყობას, სადრენაჟე და გათბობის სისტემების სრულ განახლებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ყველა საბავშვო ბაღში, საჭიროებისამებრ, განახლდა და შეივსო სააღმზრდელო და ტექნიკური სამუშაოებისთვის განკუთვნილი ინვენტარი: მეთოდოლოგიური რესურსები, სათამაშოები, სამზარეულოს ტექნიკა, ჭურჭელი და ავეჯი.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს