აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, სადაც ის ქვეყნის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს გამართავს.
CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ამერიკელი დიპლომატი ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
ისრაელში ჩასვლამდე, ენტონი ბლინკენი თურქეთში, იორდანიაში, კატარსა და საუდის არაბეთში იმყოფებოდა. ისრაელის შემდეგ კი, ის დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეს ეწვევა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ენტონი ბლინკენის მეოთხე ვიზიტი რეგიონში, ისრაელი-“ჰამასის” ომის დაწყების შემდეგ და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც მან გააჟღერა, არის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს უფრო ფართო, რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
ამასთან, ბლინკენის თქმით, პალესტინელებს ღაზის დატოვება არ უნდა აიძულონ და მათ საშუალება უნდა მიეცეთ, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, როგორც კი შესაბამისი პირობები შეიქმნება.