წამგებიანი Сила Сибири-2

წამგებიანი Сила Сибири-2
გუშინ ისტორიული მემორანდუმი გაფორმდა. პუტინის მრავალწლიანი მცდელობა როგორც იქნა „წარმატებით“ დაგვირგვინდა და გაფორმდა დოკუმენტი -ჩინეთის ახალი გაზსადენის Сила Сибири-2-ის მშენებლობის თაობაზე.
მაგრამ ამ „ისტორიულ მემორანდუმზე“ მოულოდნელი რეაგირება ჰქონდა მოსკოვის ბირჟას. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში „გაზპრომის“ აქციები 3%-ით გაუფასურდა. მიზეზი კი ისაა, რომ შეთანხმება, რომლის დეტალების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ უცნობია, რუსეთისთვის წამგებიანი პირობებით შედგა.
პირველ რიგში ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩინეთში გაფორმდა არა კონტრაქტი, არამედ მომორანდუმი, როგორიც მანამდეც არაერთი გაფორმებულა იგივე Сила Сибири-2-თან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი ასახავს მხარეთა განზრახვებს და არა ვალდებულებებს. მიუხედავად ამისა, მემორანდუმმაც კი უარყოფითი გავლენა მოახდინა „გაზპრომის“ აქციებზე.
როგორც გაირკვა რუსეთის ტერიგორიაზე ასაშენებელი გაზსადენის 2700 კმ-იანი მონაკვეთი თავად „გაზპრომის“ დასაფინანსებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისედაც ზარალიანი „გაზპრომის“ ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
წინასწარი შეფასებით, გაზსადენის რუსული მონაკვეთის მშენებლობა 2 ტრილიონ რუბლზე მეტი დაჯდება. „გაზრპომის“ ხელმძღვანელმა მილერმა აღიარა, რომ Сила Сибири-2 ყველაზე ძვირადღირებული გაზსადენი იქნება მსოფლიოში. არადა რუსეთ-ჩინეთის მრავალწლიანი მოლაპარაკებების მთავარი ქვაკუთხედი ორი საკითხი იყო – გაზსადენის მშენებლობის დაფინანსება და გაზის ფასი. პუტინმა ვერც ერთ საკითხში წარმატებას ვერ მიაღწია. გაზსადენის რუსულ მონაკვეთს ჩინეთი ერთი იუანითაც არ დააფინანსებს.
როგორც ცნობილმა რუსმა ექსპერტმა მიხაილ კრუტიხინმა განაცხადა, „რუსეთი საკუთარი ზარალის ფასად, ფაქტიურად ჩინელი მომხრმარებლების სუბსიდირებას ახდენს“. სხვათაშორის ასევე წამგებიანი პირობებით აშენდა პირველი გაზსადენიც Сила Сибири. იგივე კრუტიხინის თქმით, ეს მილსადენი ააგეს ჩინური კრედიტებით, და შემდეგ იაფად გაყიდული გაზის საფასური ძირითადი ნაწილი ისევ ამ კრედიტის დაფარვაზე მიდიოდა.
რაც შეეხება გაზის ფასს, ის არ გასაჯაროვდა, თუმცა მილერმა განაცხადა, რომ ჩინეთი ევროპულ ფასებზე უფრო იაფად იყიდის გაზს. როგორც ერთ-ერთი ენერგეტიკული ინსტიტუტის დირექტორი ალექსეი გრომოვი აღნიშნავს, მოლაპარაკებებზე ჩინეთი მოითხოვდა, რომ გაზი შიდა რუსულ ფასებში ($120-$130) შეეძინა, მაშინ როდესაც რუსები ორჯერ მაღალ გაზის ფასს $265-$285 ითხოვდნენ. შედარებისთვის ომის დაწყებამდე რუსეთი ევროპაში გაზს 1150 დოლარად ყიდდა. ახლაც კი, რუსეთი გაზს ევროპაში 400 დოლარზე ძვირად ყიდის.
ევროპული ბაზრის დაკარგვის შემდეგ რუსეთმა აღარ იცის სად წაიღოს გაზი. შარშან „გაზპრომმა“ მოიპოვა 416 მლრდ კუბური მეტრი გაზი, აქედან 60 მლრდ კუბური მეტრი გაზი ვერ გაყიდა ვერც შიდა და ვერც გარე ბაზრებზე. შედარებისთვის ემირატები სულ 55 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მოიპოვებს. აქ გასათვალისწინებელია, რომ თავად მოპოვების მოცულობაც მნიშვნელოვნად შემცირებულია. ომამდე წლიური გაზის მოპოვება 500 მლრდ-ს აჭარბებდა.
სწორედ ამიტომ რუსებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია ჩინური ბაზარი. ამავე დროს. ჩინური ექსპორტი მაინც ვერ ჩაანაცვლებს ევროპულ ექსპორტს როგორც ფასით ისე მოცულობითაც. ომის დაწყებამდე რუსეთს 200 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გაჰქონდა ევროპაში, ხოლო ჩინეთში ორივე გაზსადენის (ახლის და მოდერნიზებული ძველის) ჯამური სიმძლავრე 94 მლრდ კუბური მეტრი იქნება.
ცნობისთვის წელს რუსული გაზის ექსპორტი ევრპაში 12-ჯერ ნაკლები იქნება ომამდელ მაჩვენებლებთან შედარებით,
სწორედ ამ რეალობების გათვალისწინებით, რუსული ბაზარი ოპტიმიზმით არ შეხვდა Сила Сибири-2-ის სავარაუდო მშენებლობას.