შპს „საქართველოს ფოსტას“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ამ პოსტზე გიორგი ერაძე დაინიშნა, რომელმაც ლევან ჩიკვაიძე შეცვალა.
ჩიკვაიძე აღნიშნულ პოსტს 2012 წლიდან იკავებდა და სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელებს შორის პოზიციას ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის ახალ დირექტორს – გიორგი ერაძეს საფოსტო და სატრანსპორტო – საექსპედიტორო მომსახურების სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს.
“გიორგი ერაძეს აქვს აკადემიურ ხარისხი საერთაშორისო სამართალში, ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს სატვირთო გადაზიდვებში უსაფრთხოების მართვის სისტემის, საინფორმაციო და საავიაციო უსაფრთხოების და სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
გიორგი ერაძე ამ დრომდე კერძო ლოგისტიკური კომპანია “სფეის კარგოს” გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად “სფეის კარგო” საჰაერო ლოგისტიკური სერვისების მიწოდებით არის დაკავებული. კომპანიას 2023 წლის ანგარიში გასაჯაროებული აქვს, რომლის მიხედვითაც, წლიური შემოსავალი 9.6 მილიონ ლარს, მოგება კი 1.3 მილიონ ლარს შეადგენდა. “სფეის კარგო” 2018 წელს არის დაფუძნებული და მისი 100%-ის წილი თეონა ქობალიას ეკუთვნის.
გაიზარდა ფოსტის გენერალური დირექტორის ანაზღაურებაც, თუკი ლევან ჩიკვაიძის წლიური ანაზღაურება ფოსტიდან და ფოსტის შვილობილი კომპანია Express-იდან 135 ათასი ლარი იყო, გიორგი ერაძის წლიური ანაზღაურება 168 ათასი ლარი იქნება.
შპს „საქართველოს ფოსტა“ არის 100 პროცენტით სახელმწიფო წილობრივი კომპანია. ის არის ქვეყნის უმსხვილესი საფოსტო ორგანიზაცია, რომელსაც სერვისცენტრების ყველაზე დიდი ქსელი აქვს. საქართველოს მასშტაბით კომპანიის 79 სერვისცენტრი ფუნქციონირებს. “საქართველოს ფოსტაში” 3000-მდე დასაქმებულია, 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 70.5 მილიონი ლარი იყო, ხოლო ზარალი 3 მილიონ ლარს შეადგენდა.